ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, რამდენიმე სამინისტროს გაუქმების შედეგად გამოთავისუფლებული შენობების ნაწილი შესაძლოა პრივატიზაციას დაექვემდებაროს, ხოლო უძრავი ქონების ნაწილი ახალი სტრუქტურებისთვის იყოს გამოყენებული.
აღნიშნულ საკითხზე განმარტება კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც ოპოზიცია დაინტერესდა, თუ რატომ იხარჯება საბიუჯეტო თანხა ეკონომიკის სამინისტროს შენობის მშენებლობისთვის, როცა არსებობს უკვე აშენებული შენობები.
აღნიშნულ საკითხზე დისკუსიისას, უმცირესობის წევრების კითხვის პასუხად, კაკაურიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობის მშენებლობისთვის დაახლოებით 30 მილიონი დაიხარჯება. მისივე ინფორმაციით, 8 მილიონი მიიღო ბიუჯეტმა ეკონომიკის სამინისტროს ძველი შენობის გაყიდვის შედეგად.
„30 მილიონი ლარი არის საბიუჯეტო ხარჯი, რომელიც უნდა დაიხარჯოს კაბინეტებზე, ფუფუნებაზე და ეს იმ პირობებში, როცა შენობები უფუნქციოდ დარჩა. რატომ ხარჯავთ ამ თანხას ეკონომიკის სამინისტროსთვის შენობის ასაშენებლად და არ ზრდით პენსიას და დევნილთა შემწეობას“, - მიმართა კაკაურიძეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.
აბესაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროების შემცირება ხდება გაუაზრებლად, მექანიკურად და არა საბიუჯეტო თანხების გამოთავისუფლების მიზნებისათვის. უმცირესობის სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებს განიხილავენ. წლის ბოლოს ბიუჯეტის მოცულობა 304 მილიონი ლარით იზრდება.