მხოლოდ კანონმდებლობას და საკანონმდებლო რეგულაციებს ნუ დავაბრალებთ რაიმე ტრაგედიას, რადგან იმ რეგულაციებისა და ნორმების ზედმიწევნით დაცვა რომ ხდებოდეს, რაც დღეს გვაქვს, ეს ჩვენ ბევრ ტრაგედიას და საფრთხეს აგვაცილებდა , - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გეგმავს თუ არა პარლამენტი ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე რაიმე ნორმის შემოღებას, ან გამკაცრებას.
"მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს გლოვის დღეა და კიდევ ერთხელ უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებ გარადაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს. ერთი რამ მინდა გთხოვოთ, რომ მხოლოდ კანონმდებლობას და საკანონმდებლო რეგულაციებს ნუ დავაბრალებთ რაიმე ტრაგედიას, რადგან იმ რეგულაციებისა და ნორმების ზედმიწევნით დაცვა რომ ხდებოდეს, რაც დღეს გვაქვს, ეს ბევრ ტრაგედიას და საფრთხეს აგვაცილებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ დღის წესრიგში დადგება, რომ რომელიმე ნორმის გამკაცრება კიდევ მეტად უზრუნველყოფს მსგავსი ფაქტების პრევენციას, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე უკან არასდროს დავიხევთ", - განაცხადა მდინარაძემ.