საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ალენ პიუმ, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოში იმყოფება.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ EBRD-ის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია, რომლის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები სახელმწიფო და კერძო სექტორში, მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა რეფორმების მხარდაჭერის კუთხით, ასევე აღსანიშნავია ბანკის მხრიდან ისეთი სფეროების დაფინანსება როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წყალმომარაგების სისტემები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება, რომლებიც ასახულია საქართველოსთან მიმართებაში EBRD-ის სტრატეგიის დოკუმენტში, სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა საქართველოსა და EBRD-ს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება.
„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. მე მას მივულოცე ამ თანამდებობაზე დანიშვნა. საქართველოს მთავრობასთან ჩვენ წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს უფრო მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება. ჩვენ ასევე ქვეყანას ვეხმარებით რეფორმების განხორციელების მიმართულებით. საქართველო რეფორმების მეორე ტალღის კუთხით ლიდერი ქვეყანაა რეგიონში“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ალენ პიუმ.
ამ დროისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს 2,9 მლრდ ევროს 205 პროექტში.