ელექტრო ავტობუსების წარმოებისთვის თბილისის მიმდებარედ 4 ლოკაციაა შერჩეული.
ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.
„ქარხნის ასაშენებლად 4 ლოკაციაა შერჩეული, აქედან ორი თბილისის, ორი კი რუსთავის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ამ კვლევების შედეგების შედეგად შეირჩევა საწარმოსთვის ოთხიდან ერთი ლოკაცია. დაახლოებით წელიწად ნახევარში კი პირველი სამრეწველო პროდუქცია გვექნება,“-აცხადებს პატარაია.
მისივე თქმით, საქართველოში წარმოებული ელექტრო ავტობუსები ევროკავშირში გავა, რასაც გერმანული კომპანია EURABUS-ი უზრუნველყოფს.
ამასთან, პატარაიას ცნობით, საწარმოში, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300 ავტობუსის წარმოება იქნება შესაძლებელი.
კომპანია „ფრეგობასმა“ უმსხვილეს ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად კონსორციუმი შექმნა და 23 ნოემბერს მემორანდუმსაც მოაწერა ხელი.