ბიტკოინის ფასი 10 000 დოლარს მიუახლოვდა

ბიტკოინის ფასი, პირველად ამ ციფრული ვალუტის არსებობის ცხრაწლიან ისტორიაში, 9 600 დოლარიან ნიშნულს ასცდა და მნიშვნელოვან ზღვარს - 10 000 დოლარს მიუახლოვდა.

ამირიკაში ბაზირებულ სავაჭრო პლატფორმა „ბიტფაინექსზე“, ფასმა 9 760.70 დოლარს მიაღწია, ამჟამად კი 9 600 დოლარზე მაღლა იმყოფება. წლის დასაწყისში, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 1 000 დოლარის ფარგლებში იყო, ოქტომბერში 5 000 დოლარიანი ნიშნული გადაკვეთა. შემდეგი 5 000-ით ზრდას კი დაახლოებით თვე დასჭირდა.

უფრო მეტიც, ამჟამად ბიტკოინის კაპიტალიზაცია 160 მილიარდი დოლარია და ამ მაჩვენებლით, ის IBM-ზე, „დისნეისა“ და „მაკდონალდსზე“ მაღლა იმყოფება.

წლის განმავლობაში, ბიტკოინს ხუთი მნიშვნელოვანი კორექცია ჰქონდა, რა დროსაც მისი ფასი 20 პროცენტზე მეტით იკლებდა. ეს კი ინვესტორებს ახალი პოზიციების და სოლიდური მოგების შესაძლებლობას აძლევდა. ბოლო კორექცია ამ თვის დასაწყისში მოხდა, რა დროსაც ფასმა 25 პროცენტზე მეტით დაიკლო, თუმცა დანაკარგები სწრაფად და გადაჭარბებით აინაზღაურა.

ბიტკოინის ფასის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ფაქტორი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე ამ ვალუტის ფიუჩერსებით ვაჭრობას, ფინანსური ბაზრის მსოფლიო ლიდერი, CME ჯგუფი დაიწყებს.

იმავდროულად, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ბიტკოინის ფასის ასეთ ზრდას, საპნის ბუშტის ეფექტი აქვს და ის ადრე თუ გვიან, გასკდება. კრიტიკოსთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია „JPმორგან ჩეიზის“ მთავარი აღმასრულებელი ჯეიმი დიმონი, ვინც ბიტკოინს და ციფრულ ვალუტებს თაღლითობას უწოდებს. UBS ბიტკოინს „სპეკულატიურ ბუშტს“ უწოდებს.

ბიტკოინის პარალელურად, ბევრი სხვა პოპულარული ციფრული ვალუტის და ეგრეთ წოდებული ალტკოინების ფასიც გაიზარდა. მათ შორისაა ეთერიუმი, კაპიტალიზაციით მეორე უდიდესი ციფრული ვალუტა. მისმა ფასმა 491.89 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი ზრდა კონსოლიდაციის ფაზაში გადავიდა და 472.61 დოლარამდე ჩამოვიდა. წელს ეთერიუმის ფასი 5 200 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი.