ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტებს თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე განიხილავენ

ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტებს თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე განიხილავენ, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართება , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან” აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორია.

ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სადისკუსიო პანელზე ანაკლია განიხილება, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი შუა კორიდორის განვითარებაში, მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და საქართველოს ახალი შესაძლებლობა. ანაკლიის პროექტის წარმომადგენლები თანამშრომლობის წინარე ხელშეკრულებებს გააფორმებენ ტრანს-კასპიური დერეფნის პორტებთან; ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ფორუმის მონაწილე 30-ზე მეტ კომპანიასთან.

28 ნოემბერს, ფორუმის ფარგლებში ანაკლიის პორტის მენეჯმენტი თანამშრომლობის მემორანდუმს ბაქოსა და კურიკის (ყაზახეთი) პორტებთან გააფორმებს. მსხვილი პორტების შეთანხმება რეგიონული დერეფნის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.

რეგიონში აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფნის კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშის, რუმინული კონსტანცას პორტის ხელმძღვანელებთან ანაკლიის პორტის მენეჯმენტმა მოლაპარაკება უკვე გამართა. კონსტანცას პორტის გენერალური მენეჯერი ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად 27 ნოემბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ესტუმრა, პროექტს გაეცნო და საერთაშორისო დერეფნის შესაძლებლობები განიხილა.

28 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის დისკუსიაზე “ანაკლია, როგორც ახალი ლოგისტიკური ცენტრი საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტაციის, წარმოებისა და ვაჭრობისთვის” ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს წარადგენს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი (სასტუმრო „ბილტმორი“, 16:45სთ-17:45სთ).

29 ნოემბერს, ფორუმზე „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტს და მის როგორც ევროპის, შუა აზიისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის პოტენციალს წარადგენს (სასტუმრო „ბილტმორი“,11.25სთ -12:25სთ).

„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუში 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი და 1000-მდე დელეგატი, მათ შორის პრემიერ-მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. ნავსადგურის პირველი ფაზის გახსნა და ანაკლიაში პირველი გემების მიღება 2021 წელს იგეგმება.