რატომ ნადგურდება კივის მოსავალი დასავლეთ საქართველოში

უკვე მეორე წელია, რაც დასავლეთ საქართველოში კივის მოსავალი არ აუღიათ.

როგორც წესი, ნოემბრის მეორე ნახევრიდან ფერმერები კივის კრეფას იწყებენ, თუმცა წელს ისინი დაგეგმილი მოსავლის 15-20 პორცენტსაც ვერ მიიღებენ. ზოგი ამას გაზაფხულის ყინვებს აბრალებს, ზოგი - გვალვას, ზოგიც - ფაროსანას, თუმცა ფაქტია, რომ ისინი წელსაც კივის მოსავლის გარეშე რჩებიან. აგრონომი მერაბ ფიფია ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის მეურნეობაში მენეჯერად მუშაობდა. მისი თქმით, ამ მცენარემ ფერმერების იმედი ვერ გაამართლა.

“ზედა ეწერში კივის პლანტაცია 10 ჰექტარზეა გაშენებული. მიუხედავად იმისა, რომ პლანტაციის მფლობელები ყველანაირად ცდილობენ მოსავალი აიღონ, უკვე ორი წელია, ამას ვერ ახერხებენ. შარშანწინ 10 ჰექტარზე 25 ტონამდე კივი ავიღეთ, შარშან მოსავალი საერთოდ არ იყო, იგივე მდგომარეობაა წელსაც. ფაქტია, რომ ამ მცენარემ ჩვენთან ვერ გაიხარა. მისი მოვლა ძალზე შრომატევადი საქმეა, მით უმეტეს, რომ ჩვენი კლიმატი კივის ნარგავების ნორმალურ განვითარებას ხელს არ უწყობს. ნაყოფს გაზაფხულის ყინვები ძალიან აზიანებს. გლეხებს იმის საშუალება არა აქვთ, რომ მცენარე კლიმატის ცვლილებებისგან დაიცვან, გარდა ყინვისა, კივის პლანტაციაზე ქარიც ცუდად მოქმედებს - ის კივის მოსავლიანობას ხელს უშლის. ამიტომ, ქარსაწინააღმდეგო ბადეებიც უნდა მოვაწყოთ, რომ ნორმალური მოსავალი მივიღოთ. ამ ყველაფერს კი, სერიოზული ფინანსები სჭირდება“, - ამბობს მერაბ ფიფია.

აგრონომის აზრით, შეცდომა იქნა დაშვებული პლანტაციების გაშენებამდეც, შედეგი კი სავალალო აღმოჩნდა.

„ჩვენთან მაგალითად, ეწერი ნიადაგებია, ნიადაგში წყალი გროვდება და ფესვების ლპობას იწვევს. ზედა ეწერის მეურნეობაში 6 500 ძირი კივია გაშენებული და აქედან 600-700 ძირი უკვე გახმა. ყველა მცენარეს მისთვის შესაფერისი ნიადაგის შერჩევა უნდა, ყველაფერი წინასწარ უნდა გამოვიკვლიოთ და ნებისმიერი კულტურა მხოლოდ ამის შემდეგ გავახაროთ. თავის დროზე ჩვენს რაიონში ნიადაგიც კი არ შეისწავლეს და კივის ნარგავები სტიქიურად გააშენეს, შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. კივის მოვლა ისედაც საკმაოდ რთული საქმეა: სასუქი, სარწყავი სისტემის მოწყობა, მუშახელის ხელფასი, სხვა ხარჯები - ფერმერებს ეს ყველაფერი ძალიან ძვირი უჯდებათ და ბევრმა უკვე ხელი ჩაიქნია მცენარის მოვლა-პატრონობაზე. ამიტომ, ძირითადად ოჯახებში აქვთ დარგული რამდენიმე ძირი და რამდენსაც მოისხამს, იმის კმაყოფილნი არიან. კივის ბიზნესის წამოწყება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რასაც ყველა ერიდება. შეიძლება ითქვას, რომ ზუგდიდის რაიონის ბევრ სოფელში კივის ნარგავებმა არ გაამართლა. ფერმერების უმეტესობა ფიქრობს, რომ ამ კულტურის გაშენება და მოყვანა აღარც ღირს“, - აღნიშნავს აგრონომი.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიას მკვიდრი დემურ ფიფიაც ამბობს, რომ მას სულ 120 ძირი კივი აქვს დარგული თავის მამულში და მეორე წელია ნორმალური მოსავალი არ აუღია: „კივის მოსავლის განადგურებას გაზაფხულის წაყინვას ვაბრალებთ, მერე ამას დაერთო გვალვიანი ამინდები, მერე - ფაროსანა და კივის ნერგები გახმა“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ფერმერმა.

მოსაზრებას, რომ კივის მოყვანა ჩვენს ქვეყანაში არარენტაბელურია, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი აგრარულ საკითხებში, სწავლული აგრონომი აკაკი ღლონტი.

„კივი აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ მისი შესაძლებლობები. ამ მცენარემ წელს არაჩვეულებრივი ყვავილი გამოიტანა, მაგრამ ხელი ვერ შევუწყვეთ. მარტო ბუნების და ღმერთის იმედზე კი არ უნდა დავრჩეთ, ნორმალური მოსავლის მისაღებად, რაც მსოფლიოში ტექნოლოგიებია, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. ეს სუბტროპიკული მცენარეა და ჩვენი კლიმატი საუკეთესოა მის გასახარებლად. რით ჩამორჩება ქართული კივი იმპორტირებულს? - გემრიელი არ არის, იოდის შემცველობა აქვს დაბალი თუ არომატი არ უვარგა? მთავარია, კივის პლანტაცია გაზაფხულის წაყინვისგან დავიცვათ. გაზაფხულზე, როცა მცენარე ყვავილობას იწყებს, 0 გრადუსიც კი საკმარისია მის მოსაყინად. ზოგი კივის მოსავლის განადგურებას აზიურ ფაროსანასაც აბრალებს, მაგრამ მოდით, ყველაფერს ამ მწერს ნუ დავაბრალებთ - ფაროსანა არაფერ შუაშია. კივის პლანტაციის დასაცავად არსებობს წყლისმიერი და ქარისმიერი საშუალებები, რომელსაც ყველგან იყენებენ, სადაც კივის პლანტაციები აქვთ - საფრანგეთში, ესპანეთში და სხვა ქვეყნებშიც... ფაქტია, რომ იქ ფერმერები შესანიშნავად იცავენ კივის პლანტაციებს გაზაფხულის წაყინვისგან და მოსავალიც კარგი აქვთ“, - აღნიშნავს აკაკი ღლონტი.

მისი თქმით, 1 ჰექტარზე საშუალოდ 25-დან 35 ტონამდე კივი მოდის. ამიტომ, ეს მცენარე ნებისმიერი ფერმერისთვის შეიძლება გახდეს ძალიან კარგი შემოსავლის წყარო:

„1 კგ კივის ფასი 2 ლარიც რომ ვიანგარიშოთ, გამოდის, რომ კივი 1 ჰექტარზე სულ ცოტა, 50-70 ათასი ლარის შემოსავალს იძლევა. ოპონენტებს ვეკითხები - როგორ არის ასეთი მცენარე არარენტაბელური? რატომ უნდა შემოგვქონდეს უცხოეთიდან კივის ნაყოფი, რომელიც ძალიან კარგად ხარობს გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, ლაგოდეხის რაიონში, იმერეთში და აფხაზეთში? ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა შეასრულოს და კივი აუცილებლად უნდა ჩართოს თავის პროექტებში. გლეხებს უნდა ჩაუტარონ სპეციალური ტრენინგები, ასწავლონ კივის მოყვანა და მსოფლიო გამოცდილება გააცნონ - ეს ყველაფერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივააა. თავის მხრივ, მეც მზად ვარ, ნებისმიერ სპეციალისტს შევხვდე და დავამტკიცო, რომ ეს მცენარე ჩვენს პირობებში საკმაოდ მომგებიანი და რენტაბელურია. ამაზე უკეთესი კულტურა მე არ მეგულება, ოღონდ თუ გაზაფხულის ყინვებისგან დავიცავთ, რაც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით შეიძლება. სხვათა შორის, საქართველოშიც არის შემოტანილი ეს აპარატურა. მე თვითონ, მისი დამონტაჟება 3 ათასი ლარი დამიფასეს, ეს საქმე რამდენიმე თვით გადავდე და საბოლოოდ 10 ათასი ლარი წავაგე. წელს მეც კივის მოსავლის გარეშე დავრჩი, მაგრამ ეს არც ფაროსანას ბრალია და არც ყინვისა - ეს პირველ რიგში, ჩემი ბრალია“ - აცხადებს აკაკი ღლონტი.

ხათუნა ჩიგოგიძე