ესპანური „ბარსელონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი კლუბთან ახალი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. მისი წლიური ხელფასი 43 მილიონ ევროს შეადგენს.
რამდენიმე დღის წინ მესიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 4 წლით, 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. არგენტინელი თავდამსხმელის კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 700 მილიონ ევროს შეადგენს.
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში მესიმ საკუთარ თანამემამულე კარლოს ტევესს გაუსწრო. ჩინური „შანჰაი შენჰუას“ ფეხბურთელი ტევესი წელიწადში 37,5 მილიონ ევროს იღებს. „პარი-სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი, რომელის „ბარსელონადან“ პარიზში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ახალ კლუბში წელიწადში 36 მილიონ ევროს იღებს.
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ წელიწადში 34 მილიონ ევროს იღებს და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.