ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ზონების განვითარებასა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა , - შესაბამის ხელშეკრულებას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ჩიან ქემინიმ მოაწერეს ხელი.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2017 წლის მაისში, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ამის შემდგომ ჩინეთის ვიცე პრემიერთან მოხდა შეთანხმება, რომ ორი ქვეყანა იმუშავებდა ერთობლივი ინდუსტრიული, ტექნოლოგიური და ინოვაციური ზონების განვითარებაზე.
„სწორედ დღეს ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ დოკუმენტს, რომელის ძირითადი ამოცანა არის, რომ ორმა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი ზონების შექმნას და შესაბამისად, უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების ჩინეთიდან გადმოტანას ან ახალი ინდუსტრიული სიმძლავრეების შექმნას. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილისგან მივიღეთ მოწვევა შანხაიში 2018 წელს გასამართ იმპორტ-ექსპორტის გამოფენაზე, სადაც საქართველოს ექნება სპეციალური სტატუსი და ჩვენ შევძლებთ წარვადგინოთ ის ჩვენი ძირითადი პროდუქცია, რომელიც ჩინეთის ბაზრისთვის შესაძლოა იყოს საინტერესო, მათ შორის, ეს არის ქართული ღვინო, სადაც მხოლოდ წელს ჩვენ გვაქვს 80 %-ზე მეტი ზრდა ჩინეთის ბაზარზე, ასევე მინერალური წყლები და რა თქმა უნდა, ტურისტული მომსახურება. დღესდღეობით ჩინეთიდან მზარდი ტურისტული ნაკადი გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანად შეიძლება გაიზარდოს ტურისტული ნაკადი ჩინეთიდან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ განვითარების მიმართულებით, ჩვენ დღეს უკვე ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, მათ შორის, ეს არის გრანდკომპონენტი, რომელიც ეხება საავადმყოფოს მშენებლობას, თუმცა ასევე არის სათბურების განვითარების მიმართულება და ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.