The Telegraph - ლონდონი ევროკავშირს 60 მილიარდ ევროს გადაუხდის

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელის წინაშე ლონდონის ფინანსური ვალდებულებების მოცულობის შესახებ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და ეს თანხა 60 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ორივე დელეგაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Telegraph წერს.

მისივე ინფორმაციით, ეს მიახლოებული რიცხვია, რომელიც იმის მიხედვით შეიცვლება, თუ როგორ აპირებენ მხარეები ერთმანეთის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვას. გამოცემის მტკიცებით, საბოლოო ჯამში ლონდონმა შესაძლოა ბრიუსელს 45-55 მილიარდი ევრო გადაუხადოს.

ევროკომისიის მონაცემებით, დიდმა ბრიტანეთმა უნდა გადაუხადოს ევროკავშირს ფული, ვინაიდან, ევროკავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს, მან 2014-2020 წლებში ევროპული პროგრამების დაფინანსების ვალდებულება აიღო.

ბრიუსელი ლონდონისგან 60 მილიარდი ევროს გადახდას ითხოვს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ლონდონი უარს არ ამბობს საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე, მაგრამ კონკრეტული თანხა მას არასდროს დაუსახელებია.