თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და სამშენებლო კომპანიები მკაცრად გაკონტროლდებიან. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"კიდევ ერთი საკითხი, რასაც მომდევნო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, არის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად 41-ე დადგენილებაში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება. ჩვენთვის უპირველესად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება. ამიტომ უმკაცრესი რეაგირება მოყვება სამშენებლო წესების დარღვევას," - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ასევე დიდი ყურადღება მიექცევა უკანონო, უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობების საკითხსაც.
"მინდა ზედამხედველობის სამსახურს და მის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს დავავალო მაქსიმალური ყურადღება და შესაბამისად, ძალიან მკაცრი ზომების მიღება. ასევე დროული დემონტაჟის მიმართვა, იმიტომ რომ ძალიან მოხშირდა ქალაქში, სამწუხაროდ, ასეთი შენობა-ნაგებობები და ეს ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს,"- განაცხადა კალაძემ.