კრედო ბანკი ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელს აწერს 5 მილიონი დოლარის ოდენობის საინვესტიციო შეთანხმებას

დღეს, 29 ნოემბერს, კრედო ბანკი ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელს მოაწერს 5 მილიონი დოლარის ოდენობის საინვესტიციო შეთანხმებას. 5 წლიანი შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესების დაფინანსებას.

„პატივი გვაქვს ოფიციალურად გავაფორმოთ თანამშრომლობა ევროპის საინვესტიციო ბანკთან. 2017 წელი გამორჩეული იყო კრედო ბანკის ისტორიაში. ჩვენი საერთაშორისო დამფუძნებლების მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო საბანკო ინდუსტრიას შეუერთდა და კრედო ბანკად ტრანსფორმირდა. საქართველოს აგრო სექტორში მოღვაწე მიკრო და მცირე ბიზნესებზე ფოკუსირება კვლავ რჩება კრედო ბანკის მთავარ პრიორიტეტად. შესაბამისად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობა არის აღნიშნული ბიზნესების მომავალი განვითარებისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევით, ეს პარტნიორობა იქნება მაქსიმალურად ღირებული პროექტის ყველა მონაწილესთვის“, - აცხადებს კრედო ბანკის გენერალური დირექტორი ზაზა ფირცხელავა.

ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის, კრედო ბანკთან გაფორმებული შეთანხმება იქნება, მათი მხრიდან საქართველოს მიკროსაფინანსო საქმიანობის მხარდასაჭერად განხორციელებული პირველი ინვესტიცია. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მიკრო და მცირე ბიზნესების დაფინანსება მოხდება თანაბრად, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების საერთო ღირებულება 10 მილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ფარგლებში, სამიზნე მსესხებლები თვითდასაქმებულები, ინდივიდუალური მეწარმეები და მიკრო მეწარმეები არიან, განსაკუთრებული სამიზნე სეგმენტს კი ქალი ბენეფიციარები წარმოადგენენ.

ხელმოწერის ცერემონია გაიმართება დღეს, 15:30 საათზე სასტუმრო ბილტმორში. ღონისძიებას დაესწრებიან კრედო ბანკის გენერალური დირექტორი ზაზა ფირცხელავა, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი.

(R)