საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, ერთ-ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სხვა პირისთვის გამორჩენის და უპირატესობის მინიჭებით, წინასწარი შეთახმებით, ერთ-ერთი მოქალაქე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ყოველგვარი საბაჟო კონტროლისა და დათვალიერების გარეშე გაატარა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.