დიმიტრი ქუმსიშვილი - ტურიზმმა საქართველოში ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

ტურიზმმა საქართველოში ათი ათასობით სამუშაო ადგილის გენერირება მოახდინა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სესიაზე „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები“ გამოსვლისას განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2017 წლის ბოლოსთვის ტურიზმიდან საქართველოს ეკონომიკაში 2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი იქნება მობილიზებული.

დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეეხო საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიას, რომელიც აღნიშნული სექტორის განვითარებას შეეხება 2025 წლისათვის. სტრატეგიის თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადდა, საქართველომ 2025 წლისთვის 11 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უნდა უმასპინძლოს.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობა არსებობს. მისი თქმით, სახელმწიფო აგრძელებს ტურიზმის მხარდაჭერას და ყოველწლიურად დაახლოებით 50 მლნ ლარი იხარჯება როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სექტორის სხვა პრიორიტეტების შესაბამისად.