ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ხდება ოპტიმიზაცია და ეს არავითარ შემთხვევაში არ დააკნინებს ან შეამცირებს ყურადღებას ენერგეტიკის მიმართ , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებისა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეერთების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ენერგეტიკის სამინისტრო არ უქმდება. მინდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ხდება ოპტიმიზაცია და, რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ დააკნინებს ან შემაცირებს ყურადღებას ენერგეტიკის მიმართ“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მცირდება ინვესტიციები ენერგეტიკაში, ქუმსიშვილის განცხადებით, სინამდვილეში ეს ასე არ არის, მისი განმარტებით, ენერგეტიკასთან მიმართებაში, დაემთხვა ის პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი მშენებლობა ერთდროულად დასრულდა და ჰიდროელექტროსადგურები მწყობრში შევიდა.
„ამ წუთის მდგომარებით იდენტიფიცირებული ჰიდროელექტროსადგურები არის დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის, სადაც ინვესტირება უნდა განხორციელდეს. სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს ყველა კონკრეტული პროექტის მიმართულებით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, პრაქტიკულად მთავრობის ყველა სხდომაზე ენერგეტიკის სამინისტროს ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით ახალი მემორანდუმები გამოაქვს.