დიმიტრი ქუმსიშვილი - ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა არ მცირდება

ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა არ მცირდება , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო მდგომარეობის შეფასებისას განუცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დასმულ შეკითხვაზე - მცირდება თუ არა ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა, უპასუხა: „სინამდვილეში არა. ენერგეტიკასთან მიმართებაში, ჩვენ უბრალოდ დაგვემთხვა ის პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი მშენებლობა ერთდროულად დასრულდა და ჰიდროელექტროსადგურები მწყობრში შევიდა. ამ წუთის მდგომარებით იდენტიფიცირებული ჰიდროელექტროსადგურები არის დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარის, სადაც ინვესტირება უნდა განხორციელდეს. სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს ყველა კონკრეტული პროექტის მიმართულებით. პრაქტიკულად მთავრობის ყველა სხდომაზე ენერგეტიკის სამინისტროს გამოქვს ახალი მემორანდუმები, რომელიც უკვე ფორმდება ჰიდროელექტროსადგურების პოტენციურ მფლობელებთან“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანების საკითხი განმარტა და განაცხადა, რომ „ენერგეტიკის სამინისტრო არ უქმდება“.

„მინდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ხდება ოპტიმიზაცია და რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ დააკნინებს ან შეამცირებს ყურადღებას ენერგეტიკის მიმართ“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.