ნავთობის ფასი ამ კვირაში კლებას აგრძელებს.
ანალიტიკოსთა განცხადებით, ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ რუსეთს აღარ სურს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაციის (OPEC) მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის გაგრძელება. ამ შეთანხმების მიზანი, გლობალურ ბაზარზე წარმოქმნილი ჭარბი მიწოდების დაბალანსებაა. და თუ რუსეთი ამ შეთანხმებას არ გააგრძელებს, ბალანსი კვლავ დაირღვევა.
დილის სავაჭრო სესიის დროს, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 34 ცენტით, 63.27 დოლარამდე შემცირდა, ამერიკული მსუბუქი ნედლი ნავთობის ფასმა კი 31 ცენტით, 57.68 დოლარამდე დაიკლო.
OPEC-ის და სხვა მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების (მათ შორის რუსეთის) მიერ შეთანხმების ზაფხულში გაგრძელების შემდეგ, ნვთობის ფასები დაახლოებით 40 პროცენტით გაიზარდა. შეზღუდვა ყოველდღიური მიწოდების 1.8 მილიონი ბარელით შეკვეცას ითვალისწინებს. გაგრძელებული შეთანხმების ვადა, მომავალი წლის 31 მარტს იწურება, მაგრამ მოსალოდნელი, რომ მას ორგანიზაციის უახლოეს შეხვედრაზე გააგრძელებენ, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართება.
ანალიტიკოსები ელიან, რომ შეთანხმება გაგრძელდება, ოღონდ რა დროით, ამაზე ჯერ ვერავინ საუბრობს. OPEC-ის წევრთა უმრავლესობა თანახმაა, რომ შეთანხმება მომავალი წის ბოლომდე გაგრძელდეს. მოსკოვში შიშობენ, რომ ეს ბაზრის „გადახურებას“ გამოიწვევს. რუსები თვლიან, რომ მიწოდების შეზღუდვა ნავთობის ფასის სწრაფ ზრდას გამოიწვევს, რაც მათი ვალუტის ასევე სწრაფ გამყარებაში გადაიზრდება. ეს კი რუსეთიდან ექსპორტს დააზარალებს.
გარდა ამისა, ნავთობის ფასის ზრდას, ამერიკაში ფიქალური საბადოების ინტენსიური ათვისება მოჰყვება, რაც საერთო ჯამში, ისევ ბაზარზე ჭარბი მიწოდების და ამის შემდეგ, ნედლეულზე ფასის მკვეთრი ვარდნის მიზეზი გახდება.