ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალში სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა.
ამის შესახებ, ინფორმაციას არქიტექტურული ვებგვერდი archdaily ავრცელებს.
ქუთაისის აეროპორტის ახალ ტერმინალს შპს „ანაგი“ აშენებს. კომპანიასა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ხელშეკრულება 2019 წლის 31 იანვრამდეა ძალაში. ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარული დღეა განსაზღვრული.
როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 26 423 967.74 ლარია. მაშინ როცა, სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 305 085 ლარი, ხოლო “ანაგის“ მიერ ტენდერის ფარგლებში შეთავაზებული თანხა - 22 393 193 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია ქუთაისის აეროპორტთან მისასვლელად რკინიგზის აშენებაც. სარკინიგზო ხაზს ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group ააშენებს. კომპანიის მიერ შეთავაზებული წინადადების თანახმად, პროექტის ღირებულება 3 720 775 ლარია. სატენდერო პირობების თანახმად კი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 088 633 ლარი იყო. ტენდერის პირობების თანახმად, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.