თუ უწონასწორობა გაგრძელდება, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს აუცილებლად გამოიყენებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.
ბახტაძემ ყველას მოუწოდა, „ვუყუროთ ფუნდამენტურ საკითხებს და ამის შესახებ აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდეს“.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სავალუტო კურსებზე, ეკონომიკური გუნდი ახდენს ფუნდამენტური საკითხების მნიშვნელოვან ანალიზს. ეს არის ექსპორტი, იმპორტი და ა.შ. ჩვენ თუ ავიღებთ 10 თვის სტატისტიკას, 30%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში და თუ არ ვცდები, 8%-იანი - იმპორტში. ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გააკეთა განცხადება, რომ თუ უწონასწორობა გაგრძელდება, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს აუცილებლად გამოიყენებს. შესაბამისად, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ვუყუროთ ფუნდამენტურ საკითხებს და ამის შესახებ გვქონდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.