2018 წლის ოქტომბრამდე ზოგიერთ კომპანიას სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს.
კომპანიებისთვის აუდიტის ვალდებულებას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 2016 წლის ივნისში მიღებული კანონი ადგენს, რომლითაც კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით შედგენა და გასაჯაროება მოუწევთ.
კანონში განსაზღვრული და გამოყოფილია ოთხი კატეგორია, რომელშიც კომპანიები ბრუნვის, აქტივებისა და დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით არიან გადანაწილებულნი. ამ კატეგორიებიდან სავალდებულო აუდიტის განხორციელება 2018 წლის 1 ოქტომბრამდე 1-ელ და მე-2 კატეგორიაში შემავალ კომპანიებს მოუწევთ. 1-ელ კატეგორიაში ხვდებიან კომპანიები, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. მე-2 კატეგორიაში მოსახვედრად კი შემდეგი კრიტერიუმებია განსაზღვრული: აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიები შესაბამის კატეგორიებში ზემოთ ჩამოთვლილი 3-3 კრიტერიუმიდან ორის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხვდებიან.
გარდა ამისა, კანონის თანახმად, ოქტომბრამდე სავალდებულო აუდიტის ჩატარება მოუწევთ ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირებსაც, რომელსაც მიეკუთვნება: ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მზღვეველები, საინვესტიციო ფონდი, საკრედიტო კავშირი და ა.შ.
ბიზნესი საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლას მიესალმება, თუმცა პარალელურად გარკვეულ ხარვეზებსა და ახალი ვალდებულებით გამოწვეულ დამატებით ფინანსურ ხარჯზე საუბრობს, რაც მათი თქმით, პირდაპირ აისახება მათ მიერ დასაქმებულების რაოდენობაზე და თანამშრომლების შემცირება მოუწევთ. გარდა ამისა, მათი განცხადებით, მოუმზადებლად ხდება ამ კანონის ამოქმედება და საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა. ბიზნესის თქმით, კანონში ბევრი რამ არ იკითხება, სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და კომპანიები რეალურად ახლა იწყებენ კანონში გარკვევას. ამასთან, ბიზნესის შეფასებით, კანონის არსებული რედაქციით, რთულია წინასწარ იმის გათვლა თუ რა თანხის გადახდა მოუწევთ კომპანიებს. მაგალითად, მათი თქმით, კანონში არ არის განმარტებული არსებითობის ცნება, რაც აუდიტორულ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, თავად განსაზღვროს, ეკუთვნის თუ არა კონკრეტულ კომპანიას ან მის შვილობილს სავალდებულო აუდიტი. ამ შემთხვევაში კი ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე, რადგან აუდიტის ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი კომპანია შეამოწმოს და მეტი შემოსავალი მიიღოს. შესაბამისად ბიზნესიც შეეცდება თავი დააღწიოს მძიმე ფინანსურ ტვირთს და სხვადასხვა ხერხით კომპანიას სავალდებულო აუდიტის ჩატარება აარიდოს, რაც ზოგადად წამგებიანი იქნება ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკური განვითარებისთვის.
კანონის მიზანია, რომ სფერო უფრო გამჭვირვალე გახდეს, მაგრამ ბიზნესის შეფასებით, თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა იმდენად რთული მექანიზმით ხდება, რომ მათთვის დამატებითი წნეხი უფრო გამოდის, ვიდრე გამჭვირვალეობის ხელშეწყობა. ბიზნესი ამ კანონის ამოქმედების გადავადების საჭიროებაზეც საუბრობს 1-ლი და 2-ე რიგის საწარმოებისთვის სულ მცირე ერთი წლით, რათა უფრო მომზადებული შეხვდნენ ახალ მოთხოვნებს.
როგორც კომპანია „არსის“ ფინანსურმა მენეჯერმა, თორნიკე აბულაძემ „ბიზნსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ახალ სტანდარტებზე გადასვლა საჭიროა, თუმცა, დასძენს, რომ ცვლილებებზე მორგება სამშენებლო სექტორს გაუჭირდება და კომპანიებისთვის ეს დამატებითი „თავის ტკივილი“ იქნება.
„ვფიქრობ, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი ანგარიშგებაა და ამ სფეროს მოწესრიგება დადებითი ნაბიჯია. სამშენებლო სექტორი ძალიან რთული სფეროა და როგორც კი აქ გამჭვირვალეობის მოთხოვნა შემოვა, გართულდება აღრიცხვიანობა და ამ მხრივ ძალიან ბევრს გაუჭირდება - იქნება ეს ამხანაგობა, პატარა კომპანია თუ ა.შ. ცვლილებებზე გადასვლა რა თქმა უნდა რთული იქნება, იწვალებენ, მაგრამ ახალ სტანდარტებზე მორგება მაინც მოუწევთ,“-აღნიშნავს აბულაძე.
ბიზნესისთვის წარმოქმნილ დამატებით ფინანსურ ხარჯებზე საუბრობს, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია, რომელიც აღნიშნავს, რომ კანონის ამოქმედების დასაწყისში გარკვეული ლაფსუსები მოსალოდნელია.
„როგორც ყველა ახალ პროექტზე მორგებას, ამ კანონსაც აქვს თავისი მინუსები. თუმცა, დისტრიბუტორი კომპანიებისთვის ამ კანონის ამოქმედება ცალსახად სასარგებლო იქნება, რადგან სუპერმარკეტების და რითეილი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდება. გარკვეულ ლაფსუსებს ალბათ სტარტაპისთვის ექნება ადგილი, ფინანსური ხარჯის კუთხითაც არის გარკვეული მინუსები, ამიტომ მნიშვნელოვანია აუდიტორულმა კომპანიებმა თავის მომსახურებას ისეთი ფასები არ დადონ, რომ ეს ბიზნესზე მტკივნეულად აისახოს. ყველა ლაფსუსი კანონის ამოქმედების შემდეგ გამოჩნდება და იმედი მაქვს, სახელმწიფო გვერდით დაგვიდგება და ეს სადამსჯელო ღონისძიება არ იქნება,“-განაცხადა ჭყონიამ.
პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრი, კომპანია „ბიდიოს“ პარტნიორი ივანე ჟუჟუნაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა კომპანიებს 2018 წლიდან მხოლოდ 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და გასაჯაროება მოუწიოთ.
„კანონის თანახმად მსხვილმა კომპანიებმა და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებმა 2018 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება. საუბარია 2017 წლის ანგარიშგებაზე, თუმცა, შედარებისთვის აუცილებელია 2016 წლის მონაცემების წარდგენაც. ამ კუთხით ცოტა გაუგებრობაა, რადგან კანონი 2016 წლის ივნისში შევიდა ძალაში, შესაბამისად, გასულ წელს კომპანიებს ანგარიშგების გასაჯაროების ვალდებულება არ ჰქონდათ. ამიტომ, ჯერ კიდევ გაურკვეველია და შესაძლოა მითითება გაკეთდეს, რომ კომპანიებს მხოლოდ 2017 წლის ანგარიშგების წარდგენა მოუწიოთ,“-აღნიშნავს ჟუჟუნაშვილი.
„ბიდიოს“ პარტნიორი ბიზნესის მიერ გაჟღერებულ სირთულეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა თავიდან მართლაც ყველაფერი რთულად იყოს, თუმცა, საბოლოოდ ეს ეკონომიკას მნიშვნელოვნად წაადგება.
„რაც შეეხება ბიზნესისთვის დამატებით ხარჯებს, აუდიტორულ კომპანიებს მომსახურების სტანდარტული ფასი არ აქვთ. კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე თანხა შესაძლოა 5 ათასი დოლარიდან დაიწყოს და 100 ათასამდე ავიდეს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი დაინტერესების პირები იქნებოდა ეს ბანკები თუ ა.შ. აუდიტის ხარჯებს აქამდეც იხდიდნენ, რადგან ეროვნული ბანკის რეგულაციების გამო ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება მათ ისედაც ჰქონდათ. რაც შეეხება, სხვა მსხვილ კომპანიებს, ისეთი ბრუნვისა და აქტივების საწარმოებზეა საუბარი, რომ ვფიქრობ მსგავსი მასშტაბის კომპანიებს ამ თანხის გადახდა არ უნდა გაუჭირდეთ,“-აცხადებს ჟუჟუნაშვილი.
ამასთან, ჟუჟუნაშვილი შემჭიდროვებულ ვადებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამდენ კომპანიაში 1 ოქტომბრამდე სავალდებულო აუდიტის განხორციელება კომპანიებისთვისაც და აუდიტორებისთვისაც გამოწვევაა.
„ახლა აუდიტორებსაც გაეზრდებათ საქმე და მეტი ტვირთი დააწვებათ. 1 ოქტომბრამდე ამდენ კომპანიაში სავალდებულო აუდიტის ჩატარება აუდიტორებისთვისაც და კომპანიებისთვისაც გამოწვევაა. ბუნდოვანია, რამდენად მოსწრებადია ეს ყველაფერი პირველ წელს,“- აღნიშნა ჟუჟუნაშვილმა.