იმ პირების რაოდენობა, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, 10 330-ს შეადგენს.
ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ”ინტერპრესნიუსმა” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.
უწყების ინფორმაციით, სავარაუდო დარღვევები ყველაზე ხშირად გერმანიაში, საბერძნეთსა და პოლონეთში ფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად, სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია: გერმანია - საქართველოს 3008 მოქალაქე , საბერძნეთი - 2926 მოქალაქე, პოლონეთი - 1249, იტალია - 1197, უნგრეთი - 713, კვიპროსი - 286, ლიტვა - 239, ლატვია - 176, ავსტრია - 138, ნიდერლანდები - 138, ესპანეთი - 43, საფრანგეთი - 39, ჩეხეთი - 32, ესტონეთი - 12, ბელგია - 10, შვეიცარია - 8, დანია - 6, შვედეთი - 4, რუმინეთი - 2, ფინეთი - 2, ბულგარეთი - 1, პორტუგალია -1. რაც შეეხება დანარჩენ 97 შემთხვევას, შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადა სავარაუდოდ დაარღვიეს, დაკონკრეტებული არ არის.
შსს-ს ინფორმაციით, მონაცემები მოცემულია შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან, 28 მარტიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შენგენის ზონაში მოგზაურობის საერთო რაოდენობამ - 165 059 ერთეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ შენგენის ზონაში ავიარეისების მონაცემებს.