1 დეკემბერს ლოს ანჟელესში ოფიციალურად გაიხსნება წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საავტომობილი სამყაროში - „ლოს ანჯელესის ავტო შოუ“.
გამოფენა, რომელიც პრესასა და ავტომოყვარულებს ყოველწლიურად იზიდავს, წელსაც გამორჩეული იქნება მნიშვნელოვანი დებიუტებით. შოუზე ნაჩვენები იქნება როგორც სტუდიური მოდელები, ასევე სერიული წარმოების სრულიად ახალი ავტომობილები, განახლებული მოდელები და რა თქმა უნდა, სპორტული ავტომობილებიც.
უცხოური პრესა რამდენიმე მათგანზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ წელს ზოგიერთი კომპანიის სტენდზე დამთვალიერებლების რიგი დადგება, ასეთებს შორის კი გამოყოფს 7 ყველაზე დამაინტრიგებელ ავტომობილს.
1. დაგეგმილ პრემიერებს შორის ყველაზე დიდ ინტრიგას ინარჩუნებს მესამე თაობის Mercedes-Benz CLS, რომელიც გახლავთ კომპანიის მიერ წარმატებით დანერგილი ოთხკარიანი კუპეების ხაზის გამგრძელებელი დიდი ზომის სედანი, რომლის სერიული წარმოება და გაყიდვები უკვე მომავალი წლის გვიანი გაზაფხულიდან დაიწყება და სასტარტო ფასი 68 ათასი დოლარიდან დაიწყება.
2. BMW X7 - შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება უმთავრესი კონცეპტუალური მოდელი ამ ავტოშოუზე. გერმანელების განცხადებით, გარდა იმისა, რომ ავტომობილი ყველაზე დიდი ზომის ქროსოვერი იქნება კომპანიის გამაში, ის ასევე დანერგავს სრულიად ახალ სტანდარტს. სიახლის სერიული წარმოება დაიწყება მომავალი წლიდან და კომპანია მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
3. Lexus RXL - ეს არის კომპანიის მიერ წარმოებული პოპულარული მოდელის დაგრძელებული ვერსია, რომელშიც შესაბამისად გაიზრდება მგზავრთა ტევადობა.
4. Volvo XC 40 - ეს არის ყველაზე პატარა ქროსოვერი შვედური ბრენდის გამაში.
5. Lincoln Navigator - ნამდვილი ამერიკელების, ნამდვილი პრემიუმ კლასის ქროსოვერია. კომპანია მისი ახალი თაობის წარმოდგენას აპირებს.
6. Mini Electric - როგორც ცნობილია მინის მფლობელი კომპანია BMW 2025 წლისთვის 25 ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს და ეს პატარა ელექტრომობილი ამ გეგმის ნაწილია.
7. Chevrolet Corvette ZR1 - ეს იქნება ყველაზე სწრაფი კორვეტი ბრენდის ისტორიაში, ამ სპორტულ ავტომობილს 755 ცხენის ძალა ექნება და 340 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს.
რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი მოდელების გარდა, ავტოშოუზე ასევე წარმოდგენილი იქნება უამრავი სხვა ავტომობილი, ელექტრომობილი, სუპერქარი, კონცეპტუალური მოდელი და ქროსოვერი.
ლოს ანჟელესის ავტოშოუ წლის ბოლო, ყველაზე მასშტაბურ ავტოშოუდ ითვლება და ის 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კოკა კვირკველია