ლეგენდარულ ჟურნალ Time-ს მალე სავარაუდოდ, ახალი მფლობელი ეყოლება.
მედია კომპანია Meredith-ი თანახმაა, 1.84 მილიარდი დოლარი გადაუხადოს Time Inc-ს ჟურნალის სანაცვლოდ, რომელიც 95 წელია გამოდის.
ჟურნალ Time-ის გარდა, „მერედიტი“ ასევე ყიდულობს ისეთ ცნობილ ჟურნალებს, როგორიცაა People, Sports Illustrated, Fortune და Entertainment Weekly. თავად Meredith-ს კი თავის მხრივ აქვს რამდენიმე მსხვილი გამოცემა, მათ შორის Parents, Shape and Better Homes & Gardens.
„მერედიტი“ აქციების სრულ შესყიდვას მომავალი წლის დასაწყისში დაასრულებს და 100 მილიონი აქციის საცალო შესყიდვა 18,5 დოლარი დაუჯდება. ამ შენაძენის განსახორციელებლად კომპანია საკმაოდ მსხვილ ვალს იღებს კრედიტორებისგან და მასში ასევე მოხვდება ძმები კოჰების კომპანიისგან Koch Equity Development-ისგან ნასესხები 680 მილიონი დოლარიც. როგორც ცნობილია ძმები კოჰები ერთ-ერთი უმთავრესი დამფინანსებლები არიან ამერიკაში მმართველი რესპუბლიკური პარტიის. Meredith-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ძმებ კოჰებს არ ექნებათ ადგილი ბორდში და ვერ იქონიებენ გავლენას TIME -ის სარედაქციო პოლიტიკაზე.
როგორც ცნობილია, ჟურნალიTime მილიონობით ტირაჟით გამოდიოდა და წარმოადგენდა ერთგვარ დაიჯესტს სპორტის, გართობისა და დასვენებისთვის, ის კიდევ უფრო გავლენიანი გახდა 1989 წლიდან, როცა შეერწყა Warner Communications-ს და იქცა მსხვილ მედია კონგლომერატად - Time Warner-ად, რომელიც თავის მხრივ ფლობდა CNN-ს და იმ დროისთვის გახლდათ უსმხვილესი მედია კორპორაცია მსოფლიოში. თუმცა ჟურნალს „ცუდი დღეები“ ინტერნეტის გააქტიურებიდან მალევე დაუდგა, როცა ამერიკელებმა ჟურნალების მიმართ ინტერესი დაკარგეს, შედეგად კი Time Inc-ს გაუჩნდა ფინანსური პრობლემები და მისი ხელმომწერებისა და რეკლამების შემცირების პროცესი დღემდე გრძელდება.
ამის მიუხადავად, კომპანია Meredith-ში მიაჩნიათ, რომ ორი კომპანიის შერწყმით მისი ღირებულება გაიზრდება და გავრცელებულ განცხადებაში ამ შეთანხმებას „ტრანსფორმაციული“ უწოდეს.
კოკა კვირკველია