2016 წლის განმავლობაში, საწარმოთა 13,1%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი

2016 წლის განმავლობაში, საწარმოთა 13,1%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი , - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საწარმოების ინოვაციური აქტივობის გამოკვლევის შედეგებშია ნათქვამი. საქსტატის ინფორმაციით, საწარმოთა ინოვაციური აქტივობის გამოკვლევის მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს სექტორში ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებული შესაძლებლობების შესწავლა.

აღნიშნული გამოკვლევა განხორციელდა საერთაშორისო მეთოდოლოგიების შესაბამისად და მოიცვა ქვეყნის კონტროლირებადი ტერიტორია. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ქვემოთ ჩამოთვლილ დარგებში (ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორს (NACE Rev.2) შესაბამისად) მოქმედი საწარმოები, რომლებშიც დასაქმებულთა რაოდენობა აღემატებოდა 9 კაცს: სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება; მრეწველობა; მშენებლობა; წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი; ტრანსპორტი და დასაწყობება; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები; ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები; ადმინისტაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში, საწარმოთა 13,1%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა 13,9%-ით. საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 59,1% და 56,4%). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 48.2% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 51.8% - სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

საწარმოთა ჩართულობა ინოვაციურ აქტივობაში შედარებით მაღალი წილითა გამოხატული ისეთ სფეროში, როგორიცაა მანქანა - დანადგარების და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა - 21,5%. საკმაოდ მაღალი წილი ჰქონდა აგრეთვე დიზაინს (15,6%), ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებულ სწავლებას (13,8%) და საკუთარ კვლევებსა და დამუშავებებს (13,1%): გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში საწარმოთა 29,5%-მა შეიმუშავა საქონლის/მომსახურების ფასდადების ახალი სისტემა, 27,1%-მა განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროდუქციის ესთეტიკურ დიზაინსა და შეფუთვაში, 23,8%-მა უზრუნველყო ახალი მედიის ან ტექნიკის შემოტანა პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.