წარსულის ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებიც დღეს არ ჩანან

მომავალი უკვე წარმოუდგენელია Google-ის, Apple-ისა და Facebook-ის გარეშე, თუმცა ტექნოლოგიების ისტორიას კარგად ახსოვს კომპანიები ახლო წარსულიდან, რომლებზეც ჯერ კიდევ 15-20 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომავალში მათი ადგილი არ იქნებოდა.

მათ შორის არიან ისეთი მსხვილი წარსულის გიგანტები, როგორებიცაა „კოდაკი“, „ნოკია“ და „მაისპეისი“.

ანალიტიკოსების აზრით, ამ კომპანიებმა ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში ფეხი ვერ აუბეს სიახლეებს ან უბრალოდ, ვერ „იყნოსეს“ ის მომავალი, რომელიც კარზე იყო მომდგარი, შედეგად კი მდუმარედ შეხვდნენ საკუთარ გარდაცვალებას.

NOKIA

ჟურნალმა Forbes-მა საკუთარ გარეკანზე გასული 10 წლის რეზიუმირება მოახდინა და დასვა კითხვა, შეუძლიათ თუ არა სხვა კომპანიებს გაიზიარონ „ნოკიას“ ბედი, რომელიც ერთ დროს იყო ნამდვილი „მეფე“ მობილურების ბაზარზე. 1990-იანი წლების მიწურულს მობილური ტელეფონების ინდუსტრიაში „ნოკიამ“ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, მან საკუთარი ქვეყანა ყველაზე გაფურჩქვნად ეკონომიკად აქცია ევროპაში და იმ დროისთვის მსოფლიო მობილურების მიწოდების 40 პორცენტი მასზე მოდიოდა. დღეს ეს კომპანია სულს ღაფავს და მობილურებს უკვე სიმბოლურად აწარმოებს.

KODAK

ამ კომპანიის ისტორია ნამდვილად სამაგალითოა თანამედროვე კომპანიებისთვის. ეს არის ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ დაასრულა არსებობა ერთ დროს ძალიან წარმატებულმა კინო და ფოტო ინდუსტრიაში მოქმედმა ბრენდმა. როგორც კვლევებმა აჩვენა, კომპანია ამ დღემდე მიიყვანა ციფრული კამერების შემოსვლის „შეუმჩნევლობამ“ და შემდეგ უკვე მობილურ ტელეფონებში „გადაბარგებამ“, შესაბამისად „კოდაკის“ გონს მოსვლა უკვე დაგვიანებული იყო. პირველი ციფრული ფოტოკამერა სწორედ კოდაკის ყოფილმა თანამშრომელმა სტივ სასონმა შექმნა 1975 წელს.

MYSPACE

საკუთარი არსებობის პიკზე ამ სოციალურ ქსელს 2008 წელს 75,9 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავდა მხოლოდ ამერიკის მასშტაბით. ეს იყო მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი. MYSPACE დღეს შესაძლოა ბევრს არაფერს ეუბნება ახალ თაობას, თუმცა ეს იყო თანამედროვე სოციალური მედიის პროტოტიპი. არასწორმა მენეჯმენტმა, კომპანიის სხვა კომპანიასთან შერწყმამ და გაუთვლელმა სტრატეგიამ ერთ დროს ძლიერი კომპანია სრულიად უსარგებლო კომპანიამდე მიიყვანა. ეს სოციალური ქსელი, რა თქმა უნდა, დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა ის უკვე იმ ძველი დიდების აჩრდილსაც კი არ წარმოადგენს.

კოკა კვირკველია