კომპანია „გრინ დეველოპმენტის“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხარდაჭერით, პროექტში „მწვანე უბანი ლისთან“, ავთო ვარაზის ქუჩაზე 410 000 ლარის ღირებულების საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა.
ამის შესახებ კომპანია „გრინ დეველოპმენტი“ იუწყება.
მათივე ცნობით, უბანი ლისის ტბის მიმდებარედ მდებარეობს, სადაც 23 ჰა მიწის ნაკვეთზე ახალი უბნის განაშენიანებაა დაგეგმილი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტი, დაბალსართულიანი განაშენებით გამოირჩევა. მაღალი ხარისხის მშენებლობით და განსხვავებული ინფრასტრუქტურით, რაც საცხოვრებელ სახლებთან ერთად გულისხმობს ველო ბილიკს, სასეირნო ხეივნებს, სკვერებს და მოსასვენებელი ადგილების მშენებლობას. ეზოს და პარკინგების გასანათებლად გამოყენებული იქნება მზის ენერგიის ბატარეები.
პროექტის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 თვეა, რომელიც 2017 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტის ჯამური ღირებულება 410 000 ლარს შეადგენს, საიდანაც კომპანიის ფინანსური თანამონაწილეობა 280 000 ლარია.
როგორც კომპანია „გრინ დეველოპმენტის“ საოპერაციო დირექტორმა ზურაბ წვერიკმაზაშვილმა აღნიშნა, „პროექტის ფარგლებში 2- კილომეტრიანი მონაკვეთი ეწყობა“.
„მანამდე ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელი არ არსებობდა. საკმაოდ მაღალი გამტარიანობის მილი გაგვყავს. სრულიად შესაძლებელია ამ ქსელით 20-25 ათასმა მოსახლემ ისარგებლოს“, - აღნიშნავს ზურაბ წვერიკმაზაშვილი.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, საკანალიზაციის ქსელის მოწყობა არა მარტო უბნისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია სოფელ თხინვალას მოსახლეობისთვისაც.
პროექტი „მწვანე უბანი ლისთან“ ავთო ვარაზის ქუჩაზე 5000 ოჯახის განაშენიანებას გეგმავს.
„საკანალიზაციო სისტემის მასშტაბები კი სრულად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა დასახლებულმა პუნქტებმაც ისარგებლონ. პროექტში უკვე გათვალისწინებულია სოფელი თხინვალა. აღნიშნული პროექტი კომფორტს უქმნის აქ მაცხოვრებელ თითოეულ ოჯახს და მათ ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს, რადგან არავისთვის არ არის უცხო, რომ კომუნიკაციები ზრდის მიწის ნაკვეთების ღირებულებას.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით GWP მხარდაჭერისთვის და გაწეული სამუშაოსთვის “, - აღნიშნავენ „გრინ დეველოპმენტში“.