მიუხედავად იმისა, რომ დოლარი დღეს დადებით დინამიკას ავლენს, მისი ინდექსი, რომელიც ექვს ძირითად ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის გასაშუალოებული კურსია, ნოემბერს მაინც მინუსში დაასრულებს.
ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში ის, რომ ინვესტორები აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიმდინარე წლის ბოლო სხდომის მოლოდინში არიან.
დიდი ალბათობით, ფედი თავის დეკემბრის სხდომაზე დოლარის განაკვეთს ასწევს, თუმცა ინვესტორებს ახლა ის უფრო აინტერესებთ, თუ რა სიხშირით გაგრძელდება ეს პროცესი მომავალ წელს. სენატის წინაშე გამოსვლისას, ფედის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ განაკვეთის ზრდა გაგრძელდება, თუმცა ეს მეტწილად ინფლაციის ზრდის ტემპზე იქნება დამოკიდებული.
მეორეც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული საგადასახადო რეფორმის გატარება ჭიანურდება, რაც ინვესტორებს სიფრთხილისკენ უბიძგებს. ამას ემტება ის გარემოებაც, რომ ევროკავშირის ეკონომიკის სტიმულირების პროცესს სასურველი შედეგი მოაქვს, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის, ბრექსიტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კი ბოლო ფაზაშია და სავარაუდოდ, ორივე მხარისთვის სასურველი შედეგით დასრულდება, რაც ევროს და სტერლინგის გამყარებას იწვევს.
დოლარის ინდექსი 93.159-ის სიახლოვეს იმყოფება. ნოემბერში ჯამური კლება დაახლოებით 1.5 პროცენტს შეადგენს. დოლართან ბრიტანული სტერლინგი დღეს 0.5 პროცენტით გაიზარდა და 1.3469 დოლარს მიაღწია, რაც 26 სექტემბრის მაქსიმუმთან (1.3480) ახლოსაა. ბრიტანული ვალუტის ნოემბრის ზრდამ 1.4 პროცენტი შეადგინა.
ევრო დოლართან დღეს 0.2 პროცენტით გაიზარდა და 1.1864 დოლარს მიაღწია. ჯამში ევროპული ვალუტის ზრდამ ერთ თვეში 1.9 პროცენტს მიაღწია. მისი ბოლო ორი თვის მაქსიმუმი 1.1961 დოლარია, რომელიც ორშაბათს დაფიქსირდა.
იენთან წყვილში, დოლარის ზრდამ დღეს 0.1 პროცენტი შეადგინა. ერთი დოლარის ფასი 112.48 იენამდე გაიზარდა. არადა, წყვილის ფასი ახლახან (ორშაბათს) ბოლო 10 კვირის მინიმუმზე (110.85 იენი) იმყოფებოდა.