„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის წარმომადგენლის, გიორგი გოცირიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, პირებს, რომლებსაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული, სანქცია უნდა გაუქარწყლდეთ. კერძოდ, როგორც გოცირიძემ განაცხადა, სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ ადამიანს შეუძლია, პირველ რიგში, ნასამართლეობის გაქარწყლება მოახდინოს, ასევე აღიდგინოს ჩამორთმეული ავტომობილის მართვის უფლება, იარაღის ტარების უფლება, საადვოკატო, საექიმო და სხვა კონკრეტული საქმიანობის წარმოების უფლება და ა.შ.
”სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის დ ქვეპუნქტში განმარტებულია, რომ თუ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში გამოყენებული კანონი, არის ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც არის გადასანიჯვის საფუძველი. ვადაში არ არის ადამიანი შეზღუდული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს განსჯადობის მიხედვით ქუთაისის ან თბილისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია გააუქმოს შესაბამისი განაჩენი და ამ გზით ადამიანს შეუძლია პირველ რიგში ნასამართლეობის გაქარწყლება მოახდინოს, ასევე აღიდგინოს ჩამორთმეული ავტომობილის მართვის უფლება, იარაღის ტარების უფლება, საადვოკატო, საექიმო და სხვა კონკრეტული საქმიანობის წარმოების უფლება და ა.შ.”, - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, „მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობაში ამ მუხლით წესით არავინ უნდა იმყოფებოდეს, იმიტომ, რომ ბექა წიქარიშვილის საქმიდან გამომდინარე პატიმრობის გამოყენება იყო დაუშვებელი მარიხუანას მოხმარებისთვის“.
”ამ საქმის შემდეგ, შესაძლებელი გახდა სხვა სანქცია ყოფილიყო გამოყენებული გარდა პატიმრობისა, რადგან პატიმრობა ამ ქმედებისთვის იყო არაჰუმანური სასჯელი. თუმცა, შესაძლებელი იყო სხვა ტიპის სასჯელის გამოყენება, მაგალითად ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ა.შ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, თუნდაც მსუბუქი სისხლის სამართლებრივი სანქციის გამოყენებაც არის არაკონსტიტუციური. ეს არის ახლად გამოვლენილი გარემოება და არსებობს, რა თქმა უნდა იმის შესაძლებლობა, რომ თუ ადამიანს ამის გამო აქვს დაკისრებული სხვადასხვა სანქცია, მოხდეს მისი გადასინჯვა”, - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ნარკოპოლიტიკის მხრივ ბევრად პროგრესულია, ვიდრე ხელისუფლების სხვა შტოები - ეს იქნება საქართველოს პარლამენტი თუ მთავრობა.
”საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ საკმაოდ პროგრესული მიდგომა გამოავლინა, როდესაც თქვა ის, რომ ადამიანის მიერ ნარკოტიკული საშუალების პირადი მიზნით მოხმარება არის არაჰუმანური და დამამცირებელი სასჯელი. ასევე მისასალმებელია, რომ ადამიანის უფლებების ამაღლებისკენ მიმართული ხაზი დღესაც გააგრძელა საკონსტიტუციო სასამართლომ და თქვა, რომ სამედიცინო ან განტვირთვის მიზნით მარიხუანის მოხმარება არის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა შემდეგი, რომ მარიხუანა თავისი არსით არ იწვევს მიჩვევას და ამავდროულად არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს”, - განაცხადა გოცირიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა, დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა სალომე ჯოხაძემ განაცხადა, სასამართლომ განმარტა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მიზნით, რომ ადამიანმა თავის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, არ არის თავისუფალ საზოგადოებასთან თანხვედრი.
„მოსარჩელე ითხოვდა, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მოსარჩელე დეკრიმინალიზაციას ითხოვდა. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მარიხუანას მოხმარებისთვის არ არის საჯარო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი, რადგან ამ შემთხვევაში გასაღების საფრთხე არ არსებობს. ასევე, სასამართლომ თქვა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მიზნით, რომ ადამიანმა თავის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, არ არის თავისუფალ საზოგადოებასთან თანხვედრი და ამიტომაც, დააკმაყოფილა სარჩელი“, - განაცხადა სალომე ჯოხაძემ.