კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და შრომითი სტანდარტები - ამ თემაზე დღეს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი გაიმართა.
ფორუმის მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის წარმოჩენა შრომითი სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულებაში, ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და საკითხის გარშემო დისკურსის სტიმულირება.
”საქართველოში აღნიშნულ თემას ასე მასშტაბურად პირველად განვიხილავთ. ჩვენს ქვეყანაში შრომითი სტანდარტების დახვეწა ერთ-ერთი მწვავე თემაა. ჩვენი მიზანია, წარმოვაჩინოთ კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის მნიშვნელობა შრომითი სტანდარტების დანერგავსთან მიმართებაში, ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულების, მათ შორის, ევროასოცირების მოთხოვნათა შესრულების მიმართებაში. კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმატებული ბიზნესის და შესაბამისად, წარმატებული ქვეყნის საწინდარია. მისი განვითარება მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის განვითარებას, ევროინტერგაციის პროცესს, ინტეგრაციას სხვადასხვა საერთაშოროსო სტრუქტურებში, ეკონომიკურ წინსვლას, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების უფრო ეფეტქურად გადაწყვეტას,” - განმარტავს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ეკა ურუშაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, სამოქალაქო სექტორის, ბიზნეს სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმის მსვლელობისას ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ისაუბრეს საქართველოში შრომითი სტანდარტების დაცვაზე, სამუშაო გარემოს გაუმჯობესებასა და საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. შრომით სტანდარტებზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე საკონსულტაციო კომპანიის CSR Company International-ის დამფუძნებელმა მარტინ ნეურეიტერმა ისაუბრა.
”კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მართვის ერთ-ერთი მეთოდია და არა ქველმოქმედება. ის განსაზღვრავს, თუ როგორ უმკლავდება კომპანია სირთულეებს. კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას ბიზნესის სწორ და წარმატებულ ფუნქციონირებაში დიდი როლი აქვს. ეს არ არის უბრალოდ მომხიბვლელი აქტივობა. მისი საშუალებით კომპანია მეტ შემოსავალს მიიღებს, მეტი კვალიფიციური კადრი ეყოლება. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საქართველოზე ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ვიცი, რომ განვითარების საწყის ეტაპზე ხართ. კომპანიებმა ჯერ უნდა გაიაზრონ, რომ თანამშრომლები მათი აქტივებია და არა - ხარჯები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები,” - აღნიშნა CSR Company International-ის დამფუძნებელმა მარტინ ნეურეიტერმა.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში შედარებით ახალი, თუმცა სწრაფად განვითარებადი კონცეფციაა. შრომითი უფლებების დაცვა მისი ერთ-ერთი ძირითადი თემაა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელშიც დიდი ნაწილი სწორედ შრომით უფლებებს ეხება, ერთ-ერთ მძლავრ სტიმულს წარმოადგენს ქვეყანაში შრომითი საქმიანობის სტანდარტების გასაუმჯობესებლად.
”შრომითი სტანდარტების დაცვა და შრომის პირობების უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში პრობლემაა. თუმცა სასიხარულია, რომ ამ საკითხისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია. კორპორაციული პასუხსიმგებლობა არ არის მხოლოდ კომპანიის გარეთ განხორციელებული პროექტები, კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, არამედ -თანამშრომლების უფლებების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. ჩვენი და ამ ფორუმის ძირითადი მიზანი სწორი აქცენტების დასმაა. ჩვენ გვინდა, ნათლად წარმოვაჩინოთ ის კავშირი, რაც არსებობს შრომითი უფლებების დცავასა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას შორის. ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო შრომითი სტანდარტების დაცვა, რომელიც ხშირად უფრო მეტია ვიდრე კომპანიებს ქართული კანონმდებლობა ავალდებულებს. მათ უნდა გაიაზრონ, რომ ეს არ არის თავსმოხვეული ტვირთი. პიქირით, ეს არის შანსი იმისა, რომ კომპანიას ახალი შესაძლებლობები გაეხსნას და უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს,” - განმარტავს CSRDG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელი ლელა ხოფერია.
შრომითი სტანდარტების დანერგვის ერთ-ერთი საშუალებაა სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება და მათი შესრულების მონიტორინგი. თუმცა, კანონმდებლობის დახვეწასთან ერთად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვა სტიმულებიც არსებობს, რაც უშუალოდ კომპანიათა ინტერესებს უკავშირდება. ბოლო წლების სამეცნიერო კვლევები და კომპანიათა პრაქტიკული გამოცდილება ანგრევს მითს, რომლის თანახმადაც კარგი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა ძალიან ძვირია და ბიზნესისთვის ფუფუნებას წარმოადგენს. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ კარგ სამუშაო გარემოს კომპანიისთვის მოაქვს დადებითი შედეგები, მაგალითად, თანამშრომელთა მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდა, კადრების ნაკლები გადინება, კომპანიის რეპუტაციის გაუმჯობესება და საბოლოოდ ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება. შრომითი სტანდარტების დაცვა ასევე საშუალებას აძლევს კომპანიას გახდეს უფრო კონკურენტული, გავიდეს ახალ ბაზრებზე, მოიპოვოს დაფინანსების ახალი წყაროები და მოიზიდოს უცხოელი ინვესტორები.
ის კომპანიები, რომლებიც აცნობიერებენ პასუხისმგებელი ქცევის უპირატესობებს, კატალიზატორის როლს ასრულებენ უკეთესი შრომითი სტანდარტების დანერგის პროცესში.