საქართველოში აივ/შიდსით, სავარაუდოდ, 12 000 პირია ინფიცირებული

საქართველოში აივ/შიდსით სავარაუდოდ 12 000 პირია ინფიცირებული, შიდსის შედეგად კი 1 339 გარდაიცვალა.

1-ელი დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი და საქართველოს შიდსის ასოციაცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს, კონფერენციაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ტენდენციები და შიდსის ეპიდემიის დასრულების სამოქმედო ინიციატივა განიხილება. ასევე, ყურადღება გამახვილდება ისეთ თემებზე, როგორიც არის ინფიცირების შემთხვევები ნარკოტიკების მომხმარებლებში, მსმ-ებში (მამაკაცის სექსი მამაკაცთან) და სექსმუშაკებში.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია - აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. კვლევებისა და სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში ზოგიერთ რისკის ჯგუფში განსაკუთრებით მსმ-ში (მამაკაცის სექსი მამაკაცთან) მკვეთრად იმატა აივ-ინფიცირების შემთხვევებმა. აივ-ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის შესამცირებლად შიდსის ცენტრი და საქართველოს შიდსის ასოციაცია ინიციატივით გამოდის, რომლის დევიზია: „გამოვიკვლიოთ ყველა, ვუმკურნალოთ ყველას, დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში!“, – აცხადებენ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, ამ მიზნით, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობები იგეგმება. აუცილებელია საზოგადოების აქტივობა და რაც შეიძლება მეტი ადამიანის აივ/შიდსზე ტესტირება. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის შიდსზე ტესტირება, მკურნალობა და ძვირადღირებული აივ მედიკამენტები უფასოა.

ცენტრის მონაცემებით, 2017 წლის 1-ელ დეკემბრისთვის საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცია და 1698 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკის პირია.

ცენტრის განცხადებით, შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1989 წელს დაფიქსირდა და 2017 წლისათვის აივ/შიდსით ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი 12 000-ს აღწევს. ბოლო მონაცემებით, შიდსი 3648 ავადმყოფს განუვითარდა და 1339 გარდაიცვალა.

2017 წლის 11 თვის მონაცემებით, გამოვლინდა აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა; არვ (ანტირეტროვირუსულ) მკურნალობას 4018 პაციენტი იტარებს, მათგან 48 – ბავშვია.

„აივ/შიდსის ახლად გამოვლენილ შემთხვევებში ინფექციის გადაცემის გზების განაწილების ყოველწლიური დინამიკა მიუთითებს ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების ხვედრითი წილის შემცირებას, სქესობრივი გზით ინფიცირების შემთხვევების მატების, განსაკუთრებით კი მსმ (მამაკაცის სექსი მამაკაცთან) ხარჯზე“, – განმარტავენ ცენტრში.

შიდსის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიწვეულნი არიან სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო, ჯანდაცვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.