35 მოქალაქეს, რომელთაც სპეცოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდა, ერთჯერადი დახმარების სახით, 500-500 ლარი გადაეცემა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, თითოეულ მოქალაქეზე ერთჯერადი დახმარების სახით, 500-500 ლარი გადაეცემა.

როგორც თბილისის მერია იუწყება, დახმარებას გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევის, N9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები 35 მოქალაქე მიიღებს.

მერიის ინფორმაციით, მათ დასახმარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 17 500 ლარი გამოიყო.