ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი ყოველწლიურად იზრდება, რაც ხშირად ხდება ეკონომისტების კრიტიკის საგანი.
მთავარი კითხვა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ვალის მატებასთან ერთად სვამს, ასეთია: რამდენად შეძლებს ქართული სახელმწიფო ამ ვალდებულებების გასტუმრებას და ტვირთად ხომ არ დააწვება აღებული ვალი ჩვენს მომავალ თაობებს?
როგორც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2018 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 18.123 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრება. აქედან, სახელმწიფო საგარეო ვალი – 14. 195 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი −3.927 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული.
რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს, ბიუჯეტის კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2017 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა არაუმეტეს 16.316 მილიარდი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. აქედან, სახელმწიფო საგარეო ვალი – 12.776 მილიარდი ლარით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალის ზღვრული მოცულობა − 3.540 მილიარდი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 2018 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით 1.807 მილიარდი ლარით იზრდება.
ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, პრობლემა ვალი კი არ არის, პრობლემა ჩვენი ქვეყნის კრედიტუნარიანობაა: „ქვეყნის კეთილდღეობა იმით კი არ განისაზღვრება, თუ რამდენი ვალი აქვს მას, არამედ იმით, თუ მისი ეკონომიკა რამდენად ქმედითუნარიანია. სწორედ აქ ჩნდება მთავარი ეჭვი, რადგან ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ვალების ზრდის პროცესს საგრძნობლად ჩამორჩება. შედეგად კი, იბერება საკმაოდ სახიფათო ბუშტი, რომელიც შეიძლება რაღაც ეტაპზე გასკდეს და საქართველოს ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს. პრობლემაა არა ვალები, არამედ ეკონომიკის ზრდის არსაკმარისი ტემპი. თუ მე იმის უნარი მაქვს, რომ კრედიტს გადავიხდი, რატომ არ უნდა ავიღო, მაგრამ თუ მისი გასტუმრების თავი არა მაქვს, ჯობია დროულად შევჩერდე. ჩვენი მთავრობები ისე იქცევიან, როგორც უპასუხისმგებლო იპოთეკარები, რომლებიც ყოველგვარი წინასწარი გათვლის გარეშე იღებენ კრედიტებს, მერე ვერ იხდიან და გაკოტრების რეჟიმში გადადიან. ვიდრე სახელმწიფო კრედიტს აიღებს, მოსალოდნელი რისკების შეფასება აუცილებელია, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს არ ხდება.
საქართველოს ეკონომიკა იმ ტემპით ვერ იზრდება, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს მოერიოს, ამჟამად ჩვენი კრედიტუნარიანობაც არ არის იმ ვალდებულებების შესატყვისი, რასაც ქვეყანა იღებს. გარდა ამისა, კითხვები ჩნდება კრედიტების მიზნობრიობის ირგვლივაც. ვიცით, რომ კრედიტების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებში იხარჯება, რითაც ეკონომიკური აქტივობის იმიტაცია იქმნება და ასე იკვრება მოჯადოებული, მანკიერი წრე. ცუდია, რომ ჩვენს სახელმწიფოში თითოეული თეთრი ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებაზე არ იხარჯება. ეკონომიკური წინსვლა კი, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია - ეს მე და ჩემს კოლეგებს არაერთხელ გვითქვამს. ხელისუფლება ითვისებს ყველაფერს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები სთავაზობენ და ნაკლებად ფიქრობს, რამდენად გადახდისუნარიანი იქნება ეკონომიკა მომავალში, როცა ამ ვალდებულებების შესრულების დრო დადგება. ვალების გამო წინა ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით, მაგრამ ამ ხელისუფლებამ „ნაციონალების“ მიერ აღებული ტემპი კი არ შეინარჩუნა, მათ გადააჭარბა კიდეც“.
თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ საგარეო ვალდებულებები განვითარებულ ქვეყნებსაც აქვთ და მათი ვალი მშპ-ს ბევრად აღემატება:
ვახტანგ ჭარაია - ჩვენი ვალის მოცულობა საერთაშორისო გამოცდილების ფონზე საგანგაშო არ არის. მშპ-ის 200 %-ს აღემატება საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის და იაპონიის საგარეო ვალი, ჩვენისახელმწიფოს საგარეო ვალი კი, დაახლოებით მშპ-ის 45%-ია. უბრალოდ, საქართველოს ეკონომიკა ამ ძლიერ ქვეყნებთან შედარებით სუსტია. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი უფრო დამაფიქრებელია, რომელიც შიდა ვალს და საბანკო სექტორის ვალსაც მოიცავს. რამე რომ მოხდეს და კერძო სექტორმა ვალდებულებები ვერ გაისტუმროს, სახელმწიფო დაზარალდება, თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ მოხდება. როგორც წესი, საგარეო ვალი მიზნობრივი ხასიათისაა და არ შეიძლება ამ თანხით სახელმწიფომ პრემია-დანამატები გასცეს. როდესაც ქვეყანას საგარეო ვალს აძლევენ, ის კონკრეტული პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარდეს. ეს შეიძლება იყოს რკინიგზის, პორტის, ან გზების მშენებლობის პროექტი... ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის, რომელიც ქვეყანას წაადგება, სესხის აღება ნამდვილად ღირს, მაგრამ ისეთი ვალი არ უნდა ავიღოთ, რომელიც ვიღაცის კერძო ინტერესებს ემსახურება.
ვახტანგ ჭარაიას აზრით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აუცილებელია, ეს პროექტები გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და მათ გარეშე ქვეყანაში ინვესტორები არ შემოვლენ:
ვახტანგ ჭარაია - ავიღოთ თუნდაც ტერმინალი, რომელიც თბილისის აეროპორტთან ააშენეს. ამ ტერმინალის წყალობით ჩვენს აეროპორტს გაცილებით მეტი მგზავრის მიღების საშუალება აქვს. ეს პროექტი რომ არ განხორციელებულიყო, აეროპორტის გამტარუნარიანობა ძველ დონეზე დარჩებოდა და მეტ მგზავრს ვეღარ მიიღებდა. ახლა მგზავრების რაოდენობა გაორმაგებულია, თანაც, მათი უმრავლესობა ტურისტია. მსგავსი პროექტები ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია თუნდაც ტურისტული სექტორის განვითარებისთვის.
ანალიტიკოსი ვაჟა კაპანაძე კი, მთავარ პრობლემად ჩვენი მთავრობის მიერ გატარებულ არასწორ ფისკალურ პოლიტიკას მიიჩნევს:
-ვალის აღება იმ მიზნით, რომ ბიუჯეტმა მიმდინარე ხარჯები დააფინანსოს, გონივრული საქციელი არ არის. მთავარია, რა პირობით აიღებ ვალს და რამდენია მისი საპროცენტო განაკვეთი. მთავრობა ამ ვალს საერთაშორისო ინსტუტუტებიდან იღებს, რომელთა კრედიტები ძალიან დაბალპროცენტიანია, თუმცა მთავარი ისაა, რომ ჩვენი ფისკალური პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს. ამის დასტურად ერთ მაგალითს დავასახელებ: რამდენიმე თვის წინ რეზერვები კომერციულ ბანკებში განათავსეს და მერე ისევ აიღეს ამ ბანკებიდან სახაზინო ვალდებულებების სახით. ამას რომელი ჭკუათმყოფელი იზამდა? სახელმწიფო ვალს იმისათვის თუ აიღებს, რომ პენსიები დაარიგოს, ეს გამართლებული ნაბიჯი არ არის, ვალმა ისეთი შემოსავალი უნდა მოგიტანოს, რომელიც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამიტომაც ვამბობ, რომ ქვეყნის ფინანსური პოლიტიკაა სწორად დასაგეგმი. როგორ შეიძლება ფინანსთა სამინისტროს ფული ჰქონდეს და გონივრულად ვერ დახარჯოს? ცალკე საკითხია, იყენებენ კი მიზნობრივად და ეფექტიანად ამ თანხებს... ვნახოთ, ახალი მინისტრის მმართველობის პირობებში რა მოხდება - შეიცვლება თუ არა აქამდე მოქმედი არასწორი ფისკალური პოლიტიკა ახალი გზებით და ახალი მიდგომებით“ - აცხადებს ვაჟა კაპანაძე.
ხათუნა ჩიგოგიძე