2017 წლის 11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა , - აღნიშნული მონაცემები, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გაასაჯაროვა.
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6 711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია, ინფიცირებულთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა.
შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირის დროს გავრცელების შემთხვევები და ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან 25%-მდე გაიზარდა.
“ზოგადად ნარკომანებს გაასწრო ჰეტეროსექსულური გზით გადაცემის შემთხვევებმა. 44% მოდის ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევებზე, ხოლო 43% - ნარკომანიის, მაგრამ განსაკუთრებით აღინიშნება ძალიან საგანგაშო ზრდა მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირის დროს გადაცემის. ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან გაიზარდა 25%-მდე. ყოველ მეოთხე მამაკაცს, რომელსაც აქვს სქესობრივი კავშირი მამაკაცთან, აქვს შიდსი”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ქორთიართ მარიოტში” კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილი იქნება შიდსის ეპიდემიის დასრულების სამოქმედო გეგმა.