დავით ბაქრაძე - ბიუჯეტში ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ 305 მლნ ლარი კვლავ ბიუროკრატიის ფუფუნებაში დაიხარჯოს

ბიუჯეტში ცვლილებები მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ეს 305 მილიონი ლარი ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯვის ნაცვლად, დაიხარჯოს ისევ ბიუროკრატიის ფუფუნებაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით გაზრდა. „ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს და არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტისთვის საყვედურობს.

„დღევანდელი ცვლილებები მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ეს 305 მილიონი ლარი ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯვის ნაცვლად, დაიხარჯოს ისევ ბიუროკრატიის ფუფუნებაში და სამინისტროების უმაქნის პროგრამებში. ეს არის მიზეზი, რის გამოც „ევროპული საქართველო“ ბიუჯეტს მხარს არ უჭერს,“ – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე.

დავით ბაქრაძის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.