გიორგი გახარია - თბილისის საცობებისგან განტვირთვის მიზნით უკვე რამდენიმე დღეა გარკვეულ ღონისძიებებს ვახორციელებთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალაქში საცობების განტვირთვის მიზნით უკვე რამდენიმე დღეა გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერთან და მის მოადგილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გახარიას თქმით, ყველაზე მძიმე გზაჯვარედინებთან, ასევე სკოლებთან მორიგეობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და მოძრაობას არეგულირებენ.

"დედაქალაქის მერს გავაცანით ის, რაც უკვე რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. კერძოდ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები სკოლების წინ უკვე მორიგეობენ სწავლის დაწყების პერიოდში, რათა დაეხმარონ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე უზრუნველყონ შეუფერხებელი გადაადგილება. ასევე ჩვენი ეკიპაჟები უკვე მორიგეობენ ყველაზე მძიმე გზაჯვარედინებთან, რათა მძღოლებს დაეხმარონ საცობთან გამკლავებაში. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის სწრაფი რეაგირების კომპონენტი, ეს არ არის სისტემური გადაწყვეტა და ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო სისტემურად მივუდგეთ ამ პრობლემებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შს სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის ურთიერთობის სამომავლო გეგმები დაისახა.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი უწყებები არიან ვალდებული, იყვნენ ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაციაში ერთმანეთთან, რათა იმ გამოწვევებს, რომელიც ქალაქისთვის და შს სამინისტროსთვის, ასევე საპატრულო პოლიციისთვის არის აქტუალური, შესაბამისი და ადექვატური პასუხები გაეცეს. ჩვენ დავგეგმეთ ის კოორდინაციის მექანიზმები, რომლებმაც ძალზედ ეფექტურად უნდა იმუშაონ და ჩვენი თანამშრომლები გავაცანით ერთმანეთს, ასევე დავუსახეთ მათ ის ამოცანები, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა გადაწყვიტონ. საცობებთან დაკავშირებული პრობლემების, მათ შორის სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება, ქვეითების მოძრაობის მოწესრიგება, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება და იქ უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და ა.შ. ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი თემებია", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.