ალპების სოფლებში დასახლების მსურველებს ფულს გადაუხდიან

რა შეიძლება იყოს იმაზე მაცდური, ვიდრე ცხოვრება ლამაზი პეიზაჟების მქონე გარემოში, ალპების რომელიმე პატარა სოფელში.

ამასთან ერთად თუ იქ დასახლებისთვის ფულსაც გადაგიხდიან. ქვეყნების უმეტესობაში, საშუალო შემოსავლის მქონე ადამინებს მსგავსი იდეები აბსურდულად ეჩვენებათ, მით უფრო, რომ მსგავსი ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა.

ალბინენი - ლამაზი პატარა სოფელი მდინარე რონას ხეობაში მდებარეობს, სადაც 30 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად დადგინდა, რომ სოფელი 25 ათას ფრანკს (25,5 ათას დოლარს) გადაუხდის ყველა ზრდასრულს და 10 ათას ფრანკს ყველა ბავშვს, ვინც გადაწყვეტს იქ სახლის აშენებას და დასახლებას.

რა დგას ამ დანაპირების უკან? მხოლოდ და მხოლოდ სურვილი მიიქციონ ყურადღება და მიიზიდონ ტურისტები, თუ ნამდვილად მიიღებს იქ გადაბარგების მსურველი დაპირებულ თანხას? ფაქტებს გადავავლოთ თვალი.

შემთხვევა N1 - “მიიღეთ 200 ევრო! თუმცა არა, მოიცადეთ...“

პატარა იტალიურ სოფელ ბორმიდაში, სადაც მხოლოდ 400 მუდმივი მაცხოვრებელია, სოფლის გამგებელმა, დანიელე გალიანომ საკმაოდ საინტერესო წინადადება დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და მოსახლეობას შესთავაზა შეიქმნას სოფლის ფონდი, სადაც ადგილობრივები ჩარიცხავდნენ თანხას და ამ თანხას გადაუხდიდნენ სხვა ადამიანებს, რომლებიც მათ სოფელში დასახლდებოდნენ.

აღნიშნული იდეა მომენტალურად აიტაცეს და ქალაქის მერმა 17 ათასზე მეტი მსურველის განაცხადი მიიღო. შემდეგ კი ბატონმა გალიანომ გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც იტალიის ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა და მოუბოდიშა მსურველებს, რომ მათი სურვილის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებდა, თუმცა გამოვლენილი ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა.

მართალია, არავინ გახდა 2 ათასი ევროთი მდიდარი, თუმცა ვითარება შეიძლება შეიცვალოს, რადგან სოფლის საიტზე წერია, რომ ამ პრობლემის გადაჭრას ისინი რეგიონალურ ხელისუფლებასთან ერთად გეგმავენ უკვე 2018 წელს.

შემთხვევა N2.: ნამდვილი ჯეკპოტი (ორ წელიწადში)

თუ თქვენ მიზანმიმართულად გიზიდავთ იტალია, აქ არის ერთი საინტერესო შუასაუკუნეების პატარა სოფელი პულია, რომელიც ასევე უჩივის მოსახლეობის სიმცირეს. და აი მანაც დააწესა პრემია მოსახლეობის მისაზიდად.

„800 ევრო მარტოსულ კაცზე, 1200 ევრო წყვილზე, 1500-1800 სამსულიან ოჯახზე, და 2000 ევრო ოთხ და მეტსულიან ოჯახზე“ - განაცხადა თემის წარმომადგენელმა, სტეფანო ბაშიანელიმ.

გარდა ამისა, იმოქმედებს საგადასახადო შეღავათები, თუმცა ამ სიკეთით სარგებლობისთვის თქვენ უნდა იცხოვროთ ამ სოფელში 2017 წლის 31 დეკემბრამდე, იქირაოთ იქ სახლი და გქონდეთ სამსახური სულ ცოტა 7,500 ევროს წლიური შემოსავლით.

საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა, რას იტყვით? ამ შემთხვევაშიც განაცხადების რაოდენობა იყო უამრავი, მათ შორის ახალი ზელანდიიდანაც კი, და სოფლის ხელისუფლებაც ამ საქმეს სერიოზულად მიუდგა. საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ახალმოსახლეები თანხის ნახევარს სოფელში დასახლების შემთხვევაში მიიღებდნენ, მეორე ნახევარს კი დასახლებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ.

შემთხვევა N3: შალე შვეიცარიაში და 25 ათასი ფრანკი მზითვად

სოფელი ალბინენი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სიმშვიდის განსახიერებაა, რადგან იქ მხოლოდ 240 ადამიანი ცხოვრობს და მათი უმეტესობა მოხუცია. სოფლის სკოლა დაიხურა ბავშვების არარსებობის გამო. სოფელში ჩატარებულ რეფერენდუმში 248 მაცხოვრებლიდან 100-მა მიიღო მონაწილეობა, აქედან კი 71-მა ხმა მისცა სოფლის ახალმოსახლეთა სუბსიდირებას. დახმარების მიმღებნი უნდა იყვნენ 45 წელზე მეტის და უნდა აიღონ ვალდებულება სოფელში სულ ცოტა, 10 წელი იცხოვრონ. მათ ასევე უნდა იყიდონ ან ააშენონ სახლი, რომელიც სულ ცოტა 200 ათას ფრანკი ღირს, ამასთან ეს სახლი მათი ძირითადი საცხოვრებელი უნდა გახდეს. რაც შეეხება უცხოელებს, მათ შვეიცარიაში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა ჰქონდეთ.

ამ შემთხვევაში ოთხსულიან ოჯახს შეუძლია 70 ათასი ფრანკის ოდენობის ბონუსი მიიღოს, რითაც უნდა დაფაროს 20%-იანი დეპოზიტი, რომელსაც შვეიცარიული ბანკები იპოთეკური სესხის შემთხვევაში იძლევიან. სოფელი მზად არის ამ სქემის დაფინანსება სპეციალურად შექმნილი 100 ათას ფრანკიანი ფონდის საშუალებით მოახდინოს.

ვერდიქტი: ყოველ ახალმოსულ მოსახლეზე 25 ათასი ფრანკის დანახარჯის შემთხვევაში, ადგილობრივ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ისინი შეძლებენ ხუთიდან ათამდე ოჯახის სუბსიდირებას. იღბლიანები კი არამხოლოდ ფულსა და ახალს საცხოვრისს, არამედ ფანჯრიდან შესანიშნავ ხედსაც მიიღებენ.

კოკა კვირკველია