„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებს Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd-ს და Ankeyunda Air Service Co.,Ltd-ს შორის თბილისის აბრეშუმის გზის მეორე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრმლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი ქართული მხრიდან - „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ჩინური მხრიდან კი Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd-ისა და Ankeyunda Air Service Co.,Ltd-ის გენერალურმა დირექტორმა ლი იათაომ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას. ასევე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას.
„მოგეხსენებათ „საპარტნიორო ფონდის“ ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმია და ჩვენ ვცდილობთ საქართველოში ამ კუთხით ტურიზმის ინდუსტრია განვავითაროთ, მოვიზიდოთ ინვესტიციები და საერთაშორისო ბაზრებზე ამ სექტორის პოპულარიზაცია მოვახდინოთ, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ჩინეთთან გარდა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობისა ტურიზმის სექტორში ურთიერთობაც მნიშვნელოვანია. სტატისტიკური მონაცემებით ჩინეთის ერთი მოქალაქე მოგზაურობის დროს საშუალოდ 900 აშშ დოლარს ხარჯავს. შესაბამისად, ქვეყანა, რომელშიც მილიარდ სამასი ათასი ადამიანი ცხოვრობს საქართველოსთვის უფრო საინტერესო ხდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაც“, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში შედგა, რომელსაც 60 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრებოდა. „საპარტნიორო ფონდს“, Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd -სა და Ankeyunda Air Service Co.,Ltd-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით მხარეები საერთშორისო სტრატეგიის განვითარებაზე შეთანხდნენ, რომელიც სამოქალაქო ავიაცისა და ტურისტული ინდუსტრიის სფეროებში ბაზრის წახალისებას და ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს.
უმსხვილესი ტურისტული კომპანია Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd ჩინეთში ყველაზე მაღალკვალიფიციური ტურისტული სააგენტოა, რომელიც შიდა და გარე ტურებს მსოფლიოს სხავადსხავა ქვეყნებში ახორციელებს. Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd, ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე საიმედო ტუროპერატორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. კომპანია მსოფლიო ბაზარზე 30 წელია ოპერირებს და მყარ პოზიციებს ინარჩუნებს. ის ტურისტებს საუკეთესო ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. კომპანია Ankeyunda Air Service Co.,Ltd კი აერთიანებს საავიაციო და ტურისტულ მომსახურებას და უზრუნველყოფს მათ ხელსაყრელ ურთიერთობას. ქმნის მობილურ, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის პროდუქტს და ეფექტიანად იყენებს ტურისტული სექტორის რესურსებს.