„სტარტაპი არის კომპანია, რომელიც შექმნილია სწრაფი განვითარებისთვის.
არ აქვს მნიშვნელობა, ხარ თუ არა ახალი დაფუძნებული, მუშაობ თუ არა ტექნოლოგიებზე, მიიღე თუ არა სარისკო კაპიტალი, გაქვს თუ არა გარკვეული Exit. სტარტაპში აუცილებელია განვითარება. ყველაფერი სხვა, დაკავშირებული სტარტაპთან, გამომდინარეობს განვითარებიდან. სტარტაპი=ზრდას“, - პოლ გრემი ინგლისელი მწერალი, ანტრეპრენუარი და ვენჩურული ინვესტორი.
ქართული სტარტაპი WiFisher ბაზარზე სულ რაღაც ორი წლის წინ გამოჩნდა, თუმცა ეს არც თუ ისე დიდი პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა WiFisher-ის განვითარებისა და სწრაფი ზრდისთვის. WiFisher კომპანიებს ინოვაციურ სარეკლამო არხს სთავაზობს. პირველ ნაბიჯებზე, სტარტაპის იდეაზე, განვითარებასა და მომავალზე „ბიზნესპრესნიუსი“ WiFisher-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს დავით ხოსროშვილს ესაუბრა.
რა არის WiFisher და რა პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს?
WiFisher-ი არის მარკეტინგული გადაწყვეტილება ე.წ. offline/ტრადიციული ბიზნესებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ფიზიკური ლოკაცია და მომხმარებლები. მაგალითად: მოლები, რესტორნები, სასტუმროები, ბანკების ფილიალები.ჩვენი სისტემა ეხმარება ამ ბიზნესებს იმის განსაზღვრაში, ვინ არიან მათი მომხმარებლები და რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ თითოეული მომხმარებლისგან. ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ მომხმარებლების საკონტაქტო და დემოგრაფიულ ინფორმაციას, ვაკვირდებით ვიზიტების რაოდენობას და ხანგრძლივობას სხვადასხვა პერიოდების განმავლობაში. შედეგად, ხდება დიდი რაოდენობის მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
მაგალითად, რესტორნის მფლობელს შეგვიძლია შევუგროვოთ ინფორმაცია მის მომხმარებლებზე და ყველა მომხმარებელი გადავანაწილოთ ახალ, დაკარგულ და ლოიალურ მომხმარებელთა ჯგუფში. ჩვენი პლატფორმიდან რესტორნის მფლობელს შეუძლია იმეილ ან Facebook კომუნიკაცია განახორციელოს თითოეულ ჯგუფთან, რათა გაზარდოს მათი ვიზიტების ან დახარჯული თანხის რაოდენობა.
გვაქვს მეორე პროდუქტიც, რომელიც შექმნილია რეკლამის განმთავსებლებისთვის. იმის მიხედვით, თუ სად დადის ადამიანი, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ რა ტიპს ან რა შემოსავლის მქონე ჯგუფს მიეკუთვნება იგი. შესაბამისად, მსხვილი კომპანიები იყენებენ ჩვენს პლატფორმას, რათა სხვადასხვა ლოკაციაზე შეძლონ WiFi რეკლამის გაშვება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმ მომენტში ფიზიკურად იქ იმყოფებიან.
რამ გიბიძგათ ამ ბიზნესის წამოწყებისკენ - ბაზარზე თავისუფალმა ნიშამ თუ ინოვაციურმა იდეამ?
როდესაც Online ბიზნესს იწყებთ, თქვენ გაგაჩნიათ ინსტრუმენტების უდიდესი რაოდენობა (analytics, retargeting და ა.შ.) იმისთვის, რომ სწორად და გამართულად აწარმოოთ ბიზნესი. იგივეს ვერ ვიტყვით Offline/ტრადიციულ ბიზნესზე, რომელიც თითქოს მივიწყებულია სტარტაპების მიერ.ადამიანების უმრავლესობა საკმაოდ დიდ დროს ატარებს ინტერნეტში, თუმცა ხშირად ადამიანის “მე” განსხვავებულია ინტერნეტში და რეალურ ცხოვრებაში. ჩვენი მისიაა შევქმნათ ხიდი online და offline გარემოს შორის.
თქვენი სტარტაპი სულ რაღაც ორი წელია გამოჩნდა ბაზარზე, თუმცა საკმაოდ წარმატებულია უკვე. რამდენად ადვილი იყო თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე?
ჩემი გამოცდილებით, სტარტაპის გაყიდვების სწრაფ ზრდას და ბაზარზე გრძელვადიან თავის დამკვიდრებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს. პირველი - როგორც კი აღმოაჩენთ თავისუფალ ნიშას და გაგაჩნიათ პროდუქტის საწყისი ვერსია, მთელი ძალების მიმართვა უნდა მოხდეს გაყიდვებზე. აქ მუშაობს ე.წ. ქსელური ეფექტი, ანუ რაც უფრო სწრაფად შეძლებ კლიენტების მთავარი ბირთვის შექმნას, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ყოველი შემდეგი პოტენციური კლიენტი შენი მომხმარებელი გახდება.მეორე - სტარტაპსა და პოტენციურ კონკურენტს შორის უნდა იყოს სულ მცირე 1-წლიანი დაშორება ტექნოლოგიებში, ანუ კონკურენტი ყოველ მოცემულ მომენტში ერთი წლით უკან უნდა იმყოფებოდეს კლიენტზე მიმართული ტექნოლოგიური განვითარების კუთხით.
ვფიქრობ, ამ ორი სტრატეგიის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოში 200-ზე მეტი კლიენტი გვყავს.
როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია საქართველოში სტარტაპის შექმნა?
საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სტარტაპის შესაქმნელად. ბიზნესის დაწყება და ოპერირება მარტივია, გადასახადები შედარებით დაბალია და ბაზრის მზაობა ინოვაციებისადმი საკმაოდ მაღალია. კაპიტალიც დიდი რაოდენობით არის - ე.წ. Angel ინვესტიცია, დეველოპერები კარგი ცოდნით - პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ეს საკმარისია. მთავარია ამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის მერე, დანარჩენი ნაბიჯების გადადგმა სხვა ბაზრებზე განხორციელდეს და არ ჩავიკეტოთ ერთ ქვეყანაში.WiFisher-ი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმ სტარტაპების, რომელმაც შეძლო და ერთ ქვეყანაში არ ჩაიკეტა. ქართული ბაზრის შემდეგ თქვენი პროდუქტი ევროკავშირშიც გავიდა. პირველი ქვეყანა, სადაც WiFisher შევიდა, ლიტვა გახდა. რატომ ლიტვა?
ლიტვაშიც დაახლოებით იგივე კითხვით მოგვმართავს ყველა - ჩვენთან ბიზნესს არავინ აფართოებს და რატომ გადაწყვიტეთ ლიტვით დაწყებაო. ორი მიზეზი გვაქვს, რატომაც შევედით ლიტვაში: პირველი მიზეზია ის, რომ ძირითადად სტარტაპები პირდაპირ დიდ ქვეყნებს უტევენ და აღარავის ახსოვს პატარა, ლიტვის მსგავსი ბაზრები. ამ დროს ბაზარი მომგებიანი და სრულიად აუთვისებელია. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ ამ ეტაპზე გვჭირდება რამდენიმე უცხოური ბაზარი, სადაც სხვადასხვა გაფართოების სტრატეგიას მოვსინჯავთ. ოპტიმალურ სტრატეგიას მსხვილ ბაზრებზე გამოვიყენებთ.გეგმავს თუ არა WiFisher-ის სხვა ქვეყნებში შესვლასაც?
2018-ის ბოლომდე 7 ახალ ქვეყანაში შევალთ. გვჯერა, რომ ჩვენი წინსვლა საქართველოში ბევრ დამწყებ მეწარმეს მისცემს მოტივაციას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიო მასშტაბის პირველი ქართული ტექნოლოგიური კომპანია გავხდეთ!