ავსტრალიაში Tesla-ს გიგანტური ბატარეა ამუშავდა

ავსტრალიის შტატ სამხრეთ ავსტრალიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ლითიუმ-იონის ბატარეა ამუშავდა.

კომპანია Tesla-ს მიერ აშენებული 100-მეგავატიანი აკუმულატორი ოფიციალურად ექსპლუატაციაში გუშინ შევიდა. ფაქტობრივად კი ელექტროენერგია ხალხს ხუთშაბათიდან მიეწოდება. ანომალური სიცხისა და კონდიციონერების უწყვეტი მუშაობის გამო ელექტროენერგიის მოხმარება ძალიან დიდია.

ბოლო წლების განმავლობაში სამხრეთ ავსტრალიას მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პრობლემები შეექმნა.

Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პირობა დადო, რომ 100 დღეში ბატარეას ააშენებდა და ეს პირობა შეასრულა.

მასკის თქმით, ეს ბატარეა აქამდე შექმნილ ნებისმიერ ანალოგზე სამჯერ უფრო მძლავრია.

ბატარეის შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ილონ მასკს „ტვიტერში“ ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის სამხრეთ ავსტრალიას ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

მასკმა კითხვას დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ ბატარეა 100 დღეში არ აშენდება, შტატი მას უფასოდ მიიღებს.

საბოლოოდ, ბატარეის ასაშენებლად Tesla-ს 60 დღე დასჭირდა.