„გირა“ და „გირაოს ხელშეკრულება“ - ტერმინი, რომელსაც მოქალაქეები ხშირად იყენებენ, რეალურად სესხის, იპოთეკისა და ბინათსარგებლობის ხელშეკრულებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი გარკვეული ოდენობის თანხას მსესხებლის სასარგებლოდ გაასესხებს, მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად კი მოვალის კუთვნილი უძრავი ნივთი იპოთეკით იტვირთება.
ხელშეკრულებაში აღინიშნულია, რომ საპროცენტო სარგებლის გადახდის სანაცვლოდ, კრედიტორი უფლებამოსილია, გარკვეულ პერიოდის განმავლობაში მოვალის უძრავი ქონებით ისარგებლოს.
საადვოკატო ბიურო OK&CG-ის ადვოკატი ანა გორდეზიანი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეადგინოთ ე.წ. „გირაოს“, ანუ სესხის, იპოთეკისა და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება და რა სახის დეტალების გათვალისწინებაა ამ დროს მნიშვნელოვანი.
მისივე თქმით, სესხის, იპოთეკისა და ბინათსარგებლობის ხელშეკრულების დადებისას ძირითადად ორი სახის პრობლემა გვხვდება.
„ხშირია შემთხვევა, როდესაც მხარეები მხოლოდ ზეპირად თანხმდებიან, ხელშეკრულებაში კი საპროცენტო სარგებლის გადახდის სანაცვლოდ მოვალის საკუთრებაში არსებულ ფართით სარგებლობის შესახებ დათქმა წერილობითი ფორმით არ არის გაკეთებული. აღნიშნული გარემოება დავის შემთხვევაში მხარეს ართმევს წერილობითი მტკიცებულების წარდგენისა და ფართით მართლზომიერად სარგებლობის შესახებ პოზიციის დასაბუთების შესაძლებლობას. როგორც წესი აღნიშნული ტიპის ხელშეკრულების დამოწმებას მხარეები სანოტარო წესით ახდენენ, რომლის ფარგლებშიც სააღსრულებო ფურცლის ამოწერის შესაძლებლობაზე თანხმდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე მხარეები ხშირად ვერ აცნობიერებენ სამართლებრივ რისკებს, რომელიც თან ახლავს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელს.
სააღსრულებო ფურცელი წარმოადგენს აღსრულებაქვემდებარე აქტს, რომელიც კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული თანხის პროპორციულად ყოველგვარი სასამართლო და საარბიტრაჟო დავის გარეშე გაიცემა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მოვალეს სურს კრედიტორთან არსებული დავა სასამართლო წესით გადაჭრას, იგი უფლებამოსილია ხელშეკრულების დადების ეტაპზე თანხმობა არ განაცხადოს ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე,“-აღნიშნავს გორდეზიანი.