სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტის კახა წერეთლის ინფორმაციით, კომპანია სასტუმროში ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტების მოწვევას უცხოეთიდან გეგმავს.
როგორც კახაბერ წერეთელმა საუბრისას განაცხადა, გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით თავს შეიკავებს დასახელებისგან თუ რომელი ქვეყნიდან მოიწვევენ ექსპერტებს.
წერეთლის თქმით, სასტუმრო „ლეოგრანდში“ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
„ქვეყნის გარეთ საექსპერტო დაწესებულებებს ვეძებთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რადგან სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გამომწვევი მიზეზები დავადგინოთ. ქართულ გამოძიებას ცალსახად ვენდობით, თუმცა კომპანია ვალდებულია, რომ ეს გააკეთოს. ჯერჯერობით თავს შევიკავებ თუ რომელი ქვეყნიდან მოვიწვევთ ექსპერტებს. ექსპერტიზის მიერ მიღებულ დასკვნებს გამოძიებას წარვუდგენთ. გამოძიება გრძელდება და ამ დრომდე სასტუმროს თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს. სასტუმროში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ისევ რჩებიან“,- აცხადებს წერეთელი.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 22 ადამიანს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.