გლობალური ბაზრის კაპიტალიზაცია 100 ტრილიონს მიუახლოვდა

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების მოსაზრებით, ის რაც ახლა გლობალურ ფინანსურ ბაზარზე ხდება, მსოფლიო ბირჟებს არ ახსოვს და ამის შემდეგ დარჩენილია მხოლოდ ერთი გზა - დაღმასვლა.

ანალიტიკოსების განცხადებით, ამჟამინდელ ნიშნულამდე მსოფლიო ბაზარი ბოლო 9 წლის განმავლობაში იზრდებოდა და მსგავსი ზრდის ტემპი ისტორიას მხოლოდ „დიდი დეპრესიის“ დასრულების შემდეგ ახსოვს. მეტიც, Goldman Sachs-ის მონაცემებით, კაპიტალიზაციის ზრდის ის ტემპი, რაც მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში ფიქსირდება, სრულიად წარმოუდგენელია. ცნობისათვის, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, მსოფლიო ბაზრის კაპიტალიზაცია 74 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო ნოემბრის მონაცემებით, ის 93 ტრილიონი დოლარია, რაც ბაზრის არაჯანსაღ ვითარებაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსების აზრით, ეს ზრდა აუცილებლად შეჩერდება მას შემდეგ რაც 100 ტრილიონს მიაღწევს და უკვე დეკემბერში ნელ-ნელა კლებას დაიწყებს.

მათი აზრით, აქციების ასეთი ზრდა განპირობებულია ე.წ. bull market-ის (ხარის ბაზარი) პროცესებით, რა დროსაც ფიქსირდება აქციების მკვეთრი ზრდა შემსყიდველობის წახალისების მიზნით, რაც ახლა ყველა მიმართულებით აღინიშნება. თუმცა ეს პროცესი მალე დასასრულს მიუახლოვდება და მოკლევადიან პერიოდში დაიწყება ფინანსური ბაზრის „ნელი“ ან „სწრაფი ტკივილი“.

კოკა კვირკველია