ვენესუელა საკუთარ კრიპტოვალუტას შექმნის

ვენესუელაში ეროვნული კრიპტოვალუტა შეიქმნება. დასავლური მედიის ცნობით, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გააკეთა.

პრეზიდენტის განცხადებით, ახალი ვალუტა ქვეყანას ეკონომიკური სუვერენიტეტის გამაგრებაში დაეხმარება და აშშ-ს მხრიდან განხორციელებულ „ფინანსურ ბლოკადას" დააძლევინებს. პრეზიდენტმა ციფრული ვალუტის სახელიც დაასახელა და მისი გადაწყვეტილებით, ახალ ვალუტას „პეტრო“ ერქმევა. ის ნავთობით, გაზით და ალმასებით იქნება უზრუნველყოფილი, რომელიც ამ ქვეყნის მთავარი ბუნებრივი წიაღისეულია და დიდი როლი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში.

ვენესუელას ოპოზიცია პრეზიდენტ მადუროს ამ გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით უყურებს და აცხადებს, რომ მის სისრულეში მოყვანამდე, იდეას ჯერ საპარლამენტო მხარდაჭერა სჭირდება და დარწმუნებულები არიან, რომ მისი გამოჩენის შემთხვევაშიც კი, ის წარუმატებელი აღმოჩნდება. როგორც ცნობილია, ვენესუელას ეროვნული ვალუტა თავისუფალ ვარდნაშია და ქვეყანა მის ელემენტარულ საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების შედეგად ქვეყანა ვერ ახორციელებს საერთაშორისო ფინანსურ ტრანზაქციებს, შედეგად კი ვენესუელა ღრმა ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა.

კოკა კვირკველია