„ნაცმოძრაობა“ კახა კალაძეს მოუწოდებს, გაზარდოს უფასო სასადილოების დაფინანსება და ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერები შეაჩეროს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდებს, გაზარდოს უფასო სასადილოების დაფინანსება და ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერები შეაჩეროს.

ამის შესახებ დღეს, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. მისი თქმით, კახა კალაძე არ აპირებს დაფინანსება გაუზარდოს უფასო სასადილოებს და თბილისში არსებული 60 სასადილოს 40 000 ბენეფიციარის კვება დღიურად კვლავ 1,18 ლარით დაფინანსდება. ნადირაძის განცხადებით, ამის თქმის საშუალებას მათ აძლევს გამოცხადებული ტენდერების მასალები.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, უფასო სასადილოების პროგრამის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარია, ისინი კი 50 მილიონ ლარს ითხოვენ.

„თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყველა გამგეობას გამოაცხადებინა ტენდერი, სადაც ჩანს, რომ სასადილოების დაფინანსება იგივე რჩება. ტენდერები 27 ნოემბერს გამოცხადდა და 12 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ნადირაძემ.

მისივე თქმით, ტენდერებში „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანიების გამარჯვება ხდება, რის მაგალითადაც მან კომპანია „ნილი“ დაასახელა, რომელიც წლების განმავლობაში მონაწილეობს ამ ტენდერებში.