SMS 25 წლისაა!

1992 წლის 3 დეკემბერს 22 წლის ბრიტანელმა ნეილ პაპუორტმა, რომელიც კომპანია Sema Group Telecoms-ის ინჟინერი გახლდათ და მუშაობდა ტექნოლოგიურ სიახლეებზე, სატელეკომუნიკაციო კომპანია Vodafone-ისთვის, საკუთარი კომპიუტერიდან მსოფლიოში პირველი SMS შეტყობინება გააგზავნა.

შეტყობინების ტექსტი მარტივი, ორსიტყვიანი იყო - „გილოცავ შობას“ და მისი ადრესატი, კომპანია Vodafone-ის დირექტორი, რიჩარდ ჯარვიზი იყო. მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების მომენტში ჯარვიზი წინასაშობაო კორპორაციულ წვეულებაზე იყო და მალევე დარეკა კომპანია Sema Telecoms-ში და შეატყობინა, რომ ტესტირება შედეგიანად დასრულდა. პაპუორტის თქმით, მას აზრდაც არ მოსვლია, რომ ისტორიულ მოვლენაში იღებდა მონაწილეობას.

როგორც ცნობილია, სიახლეების უმეტესობა, რომლებმაც შეცვალეს სამყარო ბოლო 150 წლის განმავლობაში, ძირითადად დანერგეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა მოკლე ტექსტური შეტყობინება ამ მხრივ სუფთა ევროპული მიღწევაა. ტელეფონის საშუალებით შეტყობინების გაგზავნის იდეა პირველად 1984 წელს, აწ უკვე გარდაცვლილ მატი მაკონენს ერთ-ერთ კონფერენციაზე მოუვიდა, რომელსაც Nokia Networks-ი კოპენჰაგენში მართავდა. ამ დროისთვის რთული სათქმელია ზუსტად როდიდან გახდა SMS-შეტყობინებები მასობრივი, თუმცა სპეციალისტების უმეტესობა თანხმდება, რომ ეს ზღვარი გადის 2000 წელს. ამ დროისთვის მობილური ტელეფონები უკვე აღარ ითვლებოდა მხოლოდ პროფესიონალებისა და მდიდრების ატრიბუტად და მისი მასშტაბური დანერგვა მოხდა. „ესემესები“ კონტაქტის უფრო იაფი საშუალებაც სწორედ ამ დროიდან გახდა.

დღეისათვის SMS-შეტყობინებების გლობალური შემოსავალი 150 მილიარდ დოლარამდეა და ადამიანები ყოველდღიურად მილიარდობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიან. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვადასხვა „მესინჯერები“ აქტიურად გამოიყენება, მოკლე ტექტური შეტყობინება პოპულარობას მაინც არ კარგავს.

კოკა კვირკველია