შვეიცარიის პრეზიდენტი - იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი შვეიცარელი ინვესტორი გამოიხედავს საქართველოსკენ

მინდა მოგილოცოთ ბატონო პრეზიდენტო თქვენ და თქვენი მთავრობის წევრებს, ქვეყნის განვითარება , - ასე მიმართა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილს შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

როგორც შვეიცარიის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში სიტუაცია გაუმჯობესებულია და შვეიცარია ამით მოხარულია.

„ჩვენ 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს ვზეიმობთ. შვეიცარიამ ხელი შეუწყო საქართველოს დემოკრატიასა და განვითარებას ამ 25 წლის განმავლობაში და მოხარული ვართ, რომ სიტუაცია ბევრად გაუმჯობესდა. მინდა მოგილოცოთ ბატონო პრეზიდენტო თქვენ და თქვენი მთავრობის წევრებს ქვეყნის განვითარება. რა თქმა უნდა, რაც თქვენ მოახერხეთ ეს არის აღნიშვნის ღირსი და შესაძლებლობები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების, რომელიც ახლა არსებობს სხვადასხვა მემორანდუმის დონეზე“, - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია ურთიერთობების გაღრმავება ისეთ სექტორებში, როგორიცაა ეკონომიკა და ენერგეტიკა.

„ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი ხანია არსებობს და სტაბილურია, თუმცა ეს გაიზრდება სამომავლოდ - მომავალი წლის დასაწყისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც ამოქმედდება და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი შვეიცარელი ინვესტორი გამოიხედავს საქართველოსკენ, რათა კიდევ უფრო აითვისონ ქართული ბაზარი. დღევანდელი საუბრიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ჩვენ თანამშრომლობის სხვა პერსპექტივებზე ვსაუბრობთ. მაგალითად, სამთო ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სადაც უკვე ძალიან ბევრი გაკეთდა. ჩვენ ენერგეტიკის სფეროზეც ვისაუბრებთ. ვფიქრობთ, ეს არის სფეროები, სადაც ჩვენ გვაქვს წინსვლა“, - აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა.