კობა გვენეტაძე - რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჯანსაღი კამათი და განხილვები მთავრობასთან

ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს ჯანსაღი კამათი და განხილვები მთავრობასთან, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გვენეტაძის ამ განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი გამოეხმაურა რეპლიკით, - “ალბათ ოცნების ოფისში“, რაზეც სებ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ოფისში“.

“მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მიმართულებით იყოს შეთანხმება და კოორდინაცია მთავრობას და ეროვნული ბანკს შორის. ამავე დროს იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის საფუძველ დოკუმენტს სამი ხელმოწერა აქვს, ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის. აქედან გამომდინარე, თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენს შორის უნდა იყოს კოორდინაცია. რაც შეეხება იმას, რომ აქციზის მომატება გამოიწვევდა ფასების მომატებას, ვფიქრობ, ჩვენ ეს საკმაოდ მკაფიოდ განვაცხადეთ და თუ გადავხედავთ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშებს და კომიტეტის შეხვედრებს, ყველგან ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ერთჯერადი ფაქტორების გამო წელს ინფლაცია იქნება მაღალი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ, როდესაც გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვას, თუ რატომ არ გააკეთა მკვეთრი განცხადებები ეროვნულმა ბანკმა მაშინ, როცა მთავრობამ აქციზის გადასახადი გააძვირა.