კობა გვენეტაძე - ფულის მასის გაზრდა არ ახდენს გავლენას არც ინფლაციაზე და არც გაცვლით კურსზე

ფულის მასის გაზრდა არ ახდენს გავლენას არც ინფლაციაზე და არც გაცვლით კურსზე, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მტკიცებით, „როდესაც ეკონომიკა ვითარდება, როცა სხვადასხვა ინსტრუმენტები შემოდის, ფულის მასა არ გვაძლევს სწორ ინფორმაციას“.

„კორელაცია ინფლაციასა და ფულის მასას შორის ირღვევა. ზუსტად იმიტომ არის, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ჩათვალეს და ნახეს, რომ ეს ურთიერთქმედება მათ შორის აღარ არის, ან უკეთეს შემთხვევაში შემცირდა, გადაწყვიტეს, რომ ეს მეთოდი აღარ ვარგა და გადავიდნენ ინფლაციის თარგეთირებაზე. თუ ვლაპარაკობთ 50%-იან ინფლაციაზე და 100%-ით ფულის ზრდაზე, რა თქმა უნდა აქ შეიძლება ჰქონდეს გავლენა, მაგრამ იმ ჩარჩოს მიხედვით, რაც გვაქვს, ფულის მასის გაზრდა არ ახდენს გავლენას არც ინფლაციაზე და არც გაცვლით კურსზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.