2017 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,9% შეადგინა , - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0,39 პროცენტული პუნქტით. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9,5%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,5%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,6 %);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,4 %), რძე, ყველი და კვერცხი (1,2 %) და ზეთი და ცხიმი (0,7 %). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-9,2 %);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც 0,12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (1,9%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,4 %)“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ამ პუნქტის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე.
„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,5 პროცენტით, რაც 2,24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25,8 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,9 %), რძე, ყველი და კვერცხი (9,7 %), ხილი და ყურძენი (9,0 %), ზეთი და ცხიმი (7,4 %), ყავა, ჩაი და კაკაო (6,1 %);
ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 15,8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2,02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18,9 %), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (18,6 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (8,5 %);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 19,4 პროცენტით, რაც 1,24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (40,4 %);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,4 პროცენტით, რაც 0,55 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (12,2 %) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,3 %), - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.