მსოფლიო ბანკისგან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების მხარდაჭერას - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკთან „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსების“ შესახებ შეთანხების გაფორმების შემდეგ განაცხადა.
„დღეს გვქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკთან. ამ საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს აკავშირებს 25-წლიანი წარმატებული პარტნიორობის ისტორია. დღეს ხელი მოვაწერეთ ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო მიიღეს 16.9 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს. თანხა, ძირითადად, მოხმარდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, კონკრეტულად კი ერთ-ერთ მონაკვეთს რიკოთის უღელტეხილზე. ესაა ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობის დაფინანსება, რომლის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. ჩვენმა კოლეგებმა აღნიშნეს ის ფაქტი, რომ საქართველოს ამ პროექტის რეალიზაციის შედეგად, ექმნება ძალიან მნიშნელოვანი პოტენციალი, გახდეს რეგიონის როგორც სატრანსპორტო, ისე ლოგისტიკური ჰაბი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა, ასევე, ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას.
“აღმოსავლეთ - დასავლეთის დერეფნის დასრულება მთავრობის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველოს გარდასაქმნელად რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად. პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი, სრულად ეხმიანება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტინი განვითარების გეგმას და უშუალო წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.